“თვითონ ევროკავშირის პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქვეყანა ერთიანია, დიდიც და პატარაც, განიზომება არა კუნთის სიდიდით, არამედ თავისი ინტელექტით, მიღწევებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და სისტემებით, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე გვინდა ევროკავშირის წევრობა და გვინდა, რომ გავუტოლდეთ ბევრი მაჩვენებლით”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს საუკეთესო მაჩვენებლები ყველა კვლევის მიხედვით, მაგრამ ახლა ახალი ბარიერის შექმნაზე დაიწყეს საუბარი, რომ უმრავლესობამ შეიძლება მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები.
„დიდი ქვეყნები, რომლებიც დახვდებიან, ადვილად მოახდენენ გავლენას სხვა დანარჩენ წევრებზე. პოლიტიკური პროცესების მანიპულაციაა შესაძლებელი ევროკავშირის შიგნით, თუკი გერმანიის ეს წინადადება გავიდა. არასოდეს არც ერთი დიდი ქვეყანა არ იწყებს საკითხზე საუბარს, თუ ამ საკითხს პოზიტიური განხილვის პერსპექტივა არ გააჩნია.
ამ გაერთიანების არსი იკარგება და უნდათ მოიყვანონ შესაბამისობაში იმ ვითარებასთან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და დიდ ქვეყნებს უნდათ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მსოფლიო კონიუნქტურიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, მაგალითად ლუქსემბურგს რა აზრი ექნება
ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს. ჩვენ, როგორც კანდიდატ ქვეყანას გვაქვს ჩვენი მოსაზრება, თუ როგორ ვხედავთ ევროკავშირს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.


