ჩინეთის ელჩი: „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე. ამიტომ მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და ყველა შესაბამის უწყებას“

9

„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე. ამიტომ მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და ყველა შესაბამის უწყებას“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჭოუ ციენმა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ელჩის თქმით, ბოლო 4 წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სწრაფი განვითარების წლები იყო.

„ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება.

2024 წელს ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, რამაც ორ ქვეყანას შორის მგზავრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. საქართველოში ჩამოსული ჩინელი ტურისტების რაოდენობამ გასულ წელს, თითქმის 130 ათასი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 16,7%-ით გაიზარდა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, – აღნიშნა ელჩმა.