“ამერიკის საელჩომ რადიო “თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო” – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
“გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და საქართველოს კონსტიტუციაც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. თუმცა, ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს უფლება არ არის აბსოლუტური.
როდესაც გამოხატვა გადაიზრდება ძალადობისკენ მოწოდებაში, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ნიშნით შუღლის გაღვივებაში, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და თითოეული ადამიანის ღირსება.
სწორედ ამიტომ, სიძულვილის ენასთან ბრძოლა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი პრაქტიკა არ არის. გერმანიაში მოქმედებს მკაცრი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც კრძალავს სიძულვილის ენას; დიდ ბრიტანეთში ძალოვანი უწყებები აქტიურად მუშაობენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ.
ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მიუხედავად სიტყვის თავისუფლების ფართო კონსტიტუციური დაცვისა, სამართალდამცველი ორგანოები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, ხოლო სოციალური პლატფორმები და სხვადასხვა ინსტიტუტი საკუთარი წესებით ზღუდავენ სიძულვილის ენის გავრცელებას.
მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ამერიკის საელჩოსთან მაქვს მარტივი კითხვა: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმი რაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ?
გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის, პროპორციულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების შესაბამისად.
დღეს სწორედ ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვის შესაბამისად მოქმედებს სახელმწიფო და საქართველოში, ერთი მხრივ, დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი, მკაცრად კონტროლდება სიძულვილის ენა, რომელსაც, თავისი შინაარსით, საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან!” – წერს ჩიხელიძე.


