ედიშერ გვენეტაძე: „აშშ-ის უელჩო საელჩო, ძველებურად, კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას – მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ“

16

„საქართველოში დღევანდელი აშშ-ის საელჩოს განცხადებით ირკვევა, რომ, სამწუხაროდ, უელჩო საელჩო, ძველებურად, კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში დიდ ხნის წინ წამოწყებულ და მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას. ეს იმ დროს, როდესაც თავად ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ“, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

„ამიტომ საბოლოოდ მყარდება აზრი იმის შესახებ, რომ, სამწუხაროდ, დონალდ ტრამპის სახელმწიფოებრივი რეფორმები არ შეჰხებია ჩვენთან მდებარე ამ უმნიშვნელოვანეს დაწესებულებას. არადა, ქართველ საზოგადოებას ამ პროცესის სამართლიანად და შედეგიანად წარმართვის როგორი იმედი ჰქონდა!

განცხადებიდან ჩანს, რომ როგორც კი იგრძნეს საელჩოში ბაიდენისებურად მომუშავე და მათზე ზემდგომმა ბიუროკრატებმა, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მათი საქმიანობისათვის საქართველოში კანონისა და ბრძოლის გამკაცრებამ მათ მიმართ, ვინც შეგნებულად, მიზანმიმართულად, დავალებით, გინებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით შეურაცხყოფასა და ზიანს აყენებენ ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ადამიანებს, მაშინვე მიმართეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არაერთგზის ნაცად ხერხს და უმალ მიღებული განცხადებით (გახსოვთ, ალბათ, მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დღეში რამდენ განცხადებას აკეთებდა საქართველოზე) დაიცვეს წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები, ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები.

ვერაფერს იტყვი. დიდი გამოცდილება აქვთ და მკაფიოდ იციან, რომ, თუ წყალს ვერ აამღვრევ, ისე მასში თევზის ჭერა ძნელია“, – წერს გვენეტაძე.