ლადო სადღობელაშვილი ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ: “საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს! წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს პოზიციების განმტკიცება და აღიარებების გაუქმება ჩვენი საგარეო უწყებისა და დიპლომატების უდიდესი დამსახურებაა”

8

“გილოცავ, საქართველო! ეს ამბავი მართლაც მისალოცია ყველა იმ პატრიოტისთვის, ვისაც საქართველოს გამთლიანება ახარებს! საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს”, – ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმებას.

„ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თანმიმდევრულ, სისტემურ და ხშირად უხილავ დიპლომატიურ შრომას კონკრეტული, ეროვნული მნიშვნელობის შედეგი მოაქვს. წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს პოზიციების განმტკიცება და აღიარებების გაუქმება ჩვენი საგარეო უწყებისა და დიპლომატების უდიდესი დამსახურებაა. გახსოვთ, როგორი ირონიით, ქილიკითა და აგდებული დამოკიდებულებით ხვდებოდნენ ოპოზიციურ წრეებში წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას?

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფოებრივ დიპლომატიაში “მეორეხარისხოვანი” მიმართულებები არ არსებობს, როცა საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეხება. სანამ ზოგიერთები ვიზიტების გეოგრაფიას აშარჟებდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად ამაგრებდნენ ქვეყნის პოზიციებს. მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრსა და მთელ დიპლომატიურ გუნდს ამ პრინციპული ეროვნული გამარჯვებისთვის!” – წერს სადღობელაშვილი.