“ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
„ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულეს.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ შედეგის მისაღწევად იმუშავა.
აუცილებლად უნდა ვახსენო ოპოზიცია, რომელიც ქილიკობდა და სახელმწიფოს წარმომადგენლების სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტს აკნინებდა.
„რას დარბიან ამ პატარა ქვეყნებში“; „ვისთან აქვთ შეხვედრები“; „რა აზრი აქვს ასეთ ვიზიტებს“… რეალურად, სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ სისტემური დიპლომატიური მუშაობა იძლევა საბოლოოდ იმ შედეგს, რომელსაც დღეს მთელი ქვეყანა ხედავს.
“ქართული ოცნების” მთავარ პოლიტიკურ ხაზს სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ნაურუს გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი დასტურია”, – წერს ჩიხელიძე.


