ნინო წილოსანი: „ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი მორიგი წარმატებაა ნაურუს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ეს არის კიდევ ერთი დამატებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ“

6

„ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი მორიგი წარმატებაა ნაურუს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა“, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ამ შედეგის მიღწევა პირადად მინისტრის და მისი გუნდის ჩართულობით მოხერხდა.

„ეს არის კიდევ ერთი დამატებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. როდესაც მცირდება ქვეყნების რაოდენობა, ვინც ცნო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების გახსნა, რა თქმა უნდა ეს არის დამატებითი ნაბიჯი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ნაურუმ, რომელმაც ახლა გააუქმა დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპირებულ რეგიონებთან, გარკვეული წლების წინ ჩვენი ხელისუფლების დროს, ორი ქვეყნის მხრიდან იქნა იდენტური ნაბიჯი გადადგმული.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იყოს ცნობილი და აღიარებული, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს იმ პროცესს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

სრული აბსურდია და არც ვაპირებ თავის მართლებას იმაზე, რომ ვინმე შეიძლება რუსულ საქმეს ემსახურებოდეს. ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის ვინ ემსახურებოდა რუსულ საქმეს თავის დროზე 2008 წლის ომით და არა მხოლოდ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, იყო დრო გარკვეული ქვეყნების ლიდერებს ხვდებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რადიკალების მხრიდან ისმოდა კრიტიკა. დღევანდელმა დღემ და ნაურუს გადაწყვეტილებამ ამ შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„თითოეულ ასეთ შეხვედრას და გადადგმულ ნაბიჯს აქვს კონკრეტული შედეგი. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი საგარეო პოლიტიკის სწორ წარმართვას, რომელსაც ქალბატონი მინისტრი ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.