საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოეხმაურა ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ აფხაზეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა გააუქმეს.
როგორც ლაშა დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა” განაცხადა, ამ გადაწყვეტილების უკან საქართევლოს ხელისუფლებისა და განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან დიდი შრომა დევს.
„მინდა ყველას მოგილოცოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმ ამოცანისთვის, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასეთი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, თავისით არ ხდება. ამის უკან დგას ძალიან დიდი შრომა. საქართველოს ხელისუფლებისთვის და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და ცალსახად მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება. განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საერთაშორისო სისტემაში”, – განაცხადა დარსალიამ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც ნაურუს გადაწყვეტილებას დაუდო საფუძველი.
„ეს არ არის ცალკე განყენებული პროცესი, ეს ყველაფერი კონტექსტშია დასანახი. ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო გადადგმული, მნიშვნელოვანი წარმატებები გვქონდა რეზოლუციების, სასამართლო გადაწყვეტილებების მხრივ, რამაც მოახდინა საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის კიდევ უფრო გამყარება. ყველაფერმა ამან შექმნა საფუძველი ასეთი გადაწყვეტილებების, რასაც ჰქვია არ აღიარების უკან წაღება სხვადასხვა ქვეყნის მიერ. ეს პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით”, – აღნიშნა დარსალიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.


