სომხეთში რუს ბლოგერს სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბრალი წარუდგინეს

8

რუს ბლოგერ ნადეჟდა პიროჟკოვას სომხეთში სიძულვილის ენის გამოყენების მუხლით ბრალი წარუდგინეს. პიროჟკოვამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა სომხეთში “ვარდავარის” დღესასწაულის დროს მისი ნების საწინააღმდეგოდ წყლის შესხმის ფაქტზე.

ამავე ვიდეოში მან თავად დღესასწაული “აგრესიულად” მოიხსენია, ხოლო სომხები “ვირთხებს” შეადარა.

გამოძიების შესახებ ინფორმაცია 29 ივლისს პოლონურმა რუსულენოვანმა მედია “Vot Tak-მა” სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა.

“ვარდავარი” სომხეთის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან არის დაკავშირებული. მისი მთავარი ტრადიცია ქუჩაში წყლის შესხმაა, მათ შორის, სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც.

გავრცელებული ინფორმაციით, პიროჟკოვამ, რომელიც, სომხეთში 2025 წლიდან ცხოვრობს, დღესასწაულზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. ვიდეოში ის უკმაყოფილებას გამოხატავს წყლის შესხმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს უთხრა, რომ არ სურდა დღესასწაულში მონაწილეობა.

ამავე ვიდეოში მან “ვარდავარს” სტუმრების მიმართ პირდაპირი აგრესია უწოდა და სომხების მიმართ ზემოხსენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც გამოიყენა.

ვიდეომ სწრაფად დააგროვა ათასობით ნახვა, რის შემდეგაც პიროჟკოვამ გაკეთებული განცხადებების გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

“ვაცნობიერებ, რომ ბევრმა ეს სომეხი ხალხის მიმართ უპატივცემულობად აღიქვა და ამას გულწრფელად ვნანობ. მსგავსი განზრახვა არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს.

იმ დროს თავს დაუცველად ვგრძნობდი და საკუთარი თავის დაცვა მინდოდა. გარდა ამისა, ვიდეოს გამოქვეყნებისას ხმა არ გადავამოწმე, თორემ ინტერნეტში არ მოხვდებოდა”, – აღნიშნა მან, სავარაუდოდ, იმ აუდიოფრაგმენტზე მითითებით, სადაც სომხებს “ვირთხებს” ადარებდა.

გამოძიების დასრულებამდე პიროჟკოვას შინაპატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.