უკრაინელებმა 5 აგვისტოს ღამეს ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 5 აგვისტოს ღამეს, რუსებმა კურსკისა და როსტოვის ოლქებიდან “ცირკონი/ონიქსის” ტიპის 4 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებიდან – „ისკანდერ-M/S-400“ ტიპის 24 ბალისტიკური რაკეტა, ასევე გამოიყენეს 115 დრონი.
„თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევის ოლქი იყო“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
„რაკეტებისა და 17 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმები 26 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნა კი – ექვს ლოკაციაზე“, – აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით 98 დრონი ჩამოაგდეს.


