დავით ქართველიშვილი: “ვალერი ზალუჟნის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული”

10

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებებსა და ბოლო წლებში ამ თემაზე არსებულ პოლიტიკურ დისკუსიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ოთხი წლის წინ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხმამაღლა ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უკვე უკანასკნელ „ჟანგიან ტანკებს“ კარგავდა და მისი სრული სამხედრო მარცხი მხოლოდ უახლოესი დროის საკითხი იყო. საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ დასავლეთის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება და უპრეცედენტო სანქციები ომს მალე დაასრულებდა. ამ ნარატივში მცირედი ეჭვის გამოთქმაც კი ავტომატურად „კრემლის პროპაგანდად“ ცხადდებოდა, ხოლო ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც უფრო ფრთხილ შეფასებას აკეთებდა, მყისიერად „მოსკოვის აგენტად“ ინათლებოდა.

იმ დროს იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მხოლოდ ერთი „დასაშვები“ აზრი არსებობდა, ხოლო ყველა ალტერნატიული შეფასება საჯარო სივრციდან უნდა განედევნათ.
ოთხი წელი გავიდა და უფრო მეტიც. ამ ხნის განმავლობაში ამოქმედდა საერთაშორისო სანქციების ოცდაერთი პაკეტი, ომი უკვე 54 თვეა, გრძელდება, ხოლო ვითარების შეფასებას აკეთებს არა რუსი მაღალჩინოსანი ან დასავლელი სკეპტიკოსი, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის მოქმედი ელჩი ვალერი ზალუჟნი. მისი განცხადებები NATO-ს მდგომარეობაზე, უკრაინის წევრობის მრავალწლიან დაპირებებსა და უსაფრთხოების ალტერნატიული მოდელების აუცილებლობაზე მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ მსგავსი შეფასებები დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უკრაინელი სამხედრო ლიდერისგან ისმის, მაშინ როგორ უნდა აიხსნას წლების განმავლობაში ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობა, რომელიც გაცილებით უფრო თავშეკავებულ შეფასებებსაც კი საჯაროდ გამოთქვამდა?

ამ ისტორიაში ყველაზე საგულისხმო თავად ზალუჟნის პოზიცია კი არა, მისი სიტყვების მიმართ შესაძლო რეაქციაა. მსგავსი შინაარსის განცხადება ქართველ პოლიტიკოსს რომ გაეკეთებინა, დიდი ალბათობით, მას კვლავ „პრორუსულ რიტორიკაში“ დაადანაშაულებდნენ, ხოლო თბილისის ქუჩებში მორიგი საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის მიზეზი გამოჩნდებოდა. მაგრამ როდესაც იმავე უხერხულ კითხვებს სვამს ადამიანი, რომლის კრემლის მხარდამჭერად წარმოჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ბრალდებების ჩვეული მექანიზმი უკვე აღარ მუშაობს. სწორედ მაშინ ირკვევა, რომ პრობლემა თავად ნათქვამში კი არა, არამედ იმაშია, თუ ვინ ამბობს მას. და ესაა ყველაზე სერიოზული გამოცდა პოლიტიკური თანმიმდევრულობისთვის: თუ ერთი და იმავე შინაარსის შეფასებები სხვადასხვა ავტორის შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ რეაქციას იწვევს, საზოგადოებას უჩნდება საფუძვლიანი კითხვა – განცხადებები მათი შინაარსით ფასდება თუ მხოლოდ მათი ავტორის პოლიტიკური იდენტობით?“ – წერს დავით ქართველიშვილი.