მარიამ ქვრივიშვილი: “ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელით გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, პორტი იყოს ქართული მფლობელობის და, მეორე მხრივ, მის ოპერირებაში უზრუნველვყოთ ჩვენი არაერთი საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა”

11

„ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ამჟამად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე დაღრმავებითი სამუშაოები არის დაწყებული. ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შეიცვალა ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელი, რითაც გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, პორტი იყოს, რა თქმა უნდა, ქართული მფლობელობის და, მეორე მხრივ, არსებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პორტის ოპერირებაში უზრუნველვყოთ ჩვენი არაერთი საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის და სატრანსპორტო სექტორის განვითარებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.