სომხური მედია: „სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დილით ადრე ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს“

42

„სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დილით ადრე ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს“, — იუწყება სომხური მედია.

ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, რობერტ ქოჩარიანის და მისი შვილის, ოპოზიციონერი პარლამენტის წევრის ლევონ ქოჩარიანის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

“გაცნობებთ, რომ ჩხრეკა და სხვა საპროცესო მოქმედებები რამდენიმე ათეულ მისამართზე ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელსაც სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტი კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით იძიებს“, — განაცხადა სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის პრესმდივანმა მარინა ოჰანჯანიანმა.

ორშაბათს, ეროვნულ ასამბლეაში ახალი მთავრობის პროგრამის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დაიწყონ მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანისა და მესამე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ქონების ჩამორთმევის პროცესი.