„Reuters-ი“: „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით ვიზის აპლიკანტებისთვის გასაუბრებების დანიშვნა დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე მიიღეს.

43

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით ვიზის აპლიკანტებისთვის გასაუბრებების დანიშვნა დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე მიიღეს“, – წერს „Reuters-ი“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამშაბათს განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ამერიკულ საელჩოსა და საკონსულოში თანამშრომელთა გადამზადების გლობალური პროგრამა დაიწყო. მისი თქმით, ტრენინგების ჩასატარებლად სავიზო მომსახურების გასაუბრებების განრიგი გადაიხედება.

თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ ტრამპმა დეპორტაციისა და საიმიგრაციო კონტროლის ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. ზომები მოიცავს ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაუქმებას, აგრეთვე განაცხადების უარყოფას სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებებისა და აშშ-ის მოკავშირე ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული თავდასხმის საწინააღმდეგო, პროპალესტინურ აქციებში მონაწილეობის გამო.

ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ზომების მიზანი ქვეყნის შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას სასამართლოებში გარკვეული დაბრკოლებებიც შეექმნა. პარასკევს აშშ-ის მოსამართლემ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა. მოსამართლის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას სცდებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტს ტრენინგის შინაარსისა და ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყების განმარტებით, პროგრამა საკონსულოს თანამშრომლებს დაეხმარება იმ აპლიკანტების გამოვლენაში, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული გახდებიან. ტრენინგის მიზანია, სავიზო განაცხადები „ყოვლისმომცველად და თანმიმდევრულად“ შეფასდეს.

ვიზებზე გასაუბრებების დროებითი შეჩერების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Financial Times-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, იმიგრაციული ვიზის აპლიკანტებმა, რომლებსაც აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გასაუბრება უკვე დანიშნული ჰქონდათ, მიიღეს წერილები მათი თარიღების გადატანის შესახებ. ახალი თარიღი მათ მოგვიანებით ეცნობებათ.

ტრამპის გამკაცრებულ საიმიგრაციო პოლიტიკას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ის სიტყვის თავისუფლებისა და სათანადო სამართლებრივი პროცედურების უფლებებს არღვევს. მათი შეფასებით, ამ პოლიტიკამ აშშ-ში უსაფრთხოების კუთხით პრობლემური გარემო შექმნა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებიც რასობრივი ნიშნით შერჩევითი კონტროლის საფრთხეზე საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის საარჩევნო კამპანიისას ტრამპი არალეგალური იმიგრაციის შეჩერების დაპირებით გამოდიოდა, მისმა ადმინისტრაციამ ლეგალური იმიგრაციაც გაართულა. კერძოდ, გარკვეული კატეგორიის სამუშაო ვიზების აპლიკანტებისთვის ახალი და მაღალი მოსაკრებლები დაწესდა.