ბათუმის 1100 მოსწავლეზე გათვლილი N4 სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

43

ბათუმის №4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. მუნიციპალური გავითარების ფონდის ინფორმაციით,

დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად გაეცნო.

მათივე ცნობით, 1100 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა — მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, განახლდა საკლასო ოთახები, მოეწყო სპორტული მოედანი და სკოლის ეზო.

ასევე, მოწესრიგდა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.

რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების სამუშაოებიც, მათ შორის, სახურავისა და გარე კედლების დათბუნება, რაც ხელს შეუწყობს ენერგომოხმარების შემცირებასა და შენობაში სითბოს შენარჩუნებას.

სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და უზრუნველყოფს უსაფრთხო, თანამედროვე და ინკლუზიურ სასწავლო გარემოს.