წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 24.8%-ით გაიზარდა და აგვისტოს თვის რეკორდულ ნიშნულს – 752.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია 8 თვის ჯამურ მაჩვენებლებშიც. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის 22.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და რეკორდულ – 5,422.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
აგვისტოში 9.6%-ით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვაც და აგვისტოს თვის რეკორდული დონე – 2,303.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს ჯამურმა ბრუნვამ 8.3%-იანი ზრდის ფონზე 17,915.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ექსპორტის მკვეთრ ზრდასთან ერთად, აგვისტოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის სავაჭრო ბალანსიც. სავაჭრო დეფიციტი 798.5 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც, გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით, 95.8 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესებას წარმოადგენს.
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპი 2025 წლის რეკორდული მაჩვენებლებისა და პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საქართველოს ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და 7.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ, 10.5%-იანი მატებით, 25.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.


