პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატი თამაზ ბორაშვილი სიტყვით გამოვიდა.
„მოგესალმებით, ბატონო კომიტეტის თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო.
პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის.
ჩემთვის დიდი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
როგორც მოგეხსენებათ, უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვმსახურობ და ამ წლების განმავლობაში ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დამეცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობა.
განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამ გამოცდილებაში ერთი რამ განსაკუთრებით ნათლად დავინახე: უსაფრთხოება არ არის ერთხელ მიღწეული მოცემულობა; მას დაცვა ჭირდება, მუდმივი შრომა, სიფხიზლე, ძლიერი ინსტიტუციები და ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოვალეობას უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ასრულებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დამტკიცების შემთხვევაში, არ დავიშურებ ძალისხმევას, რათა გავამართლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თითოეული თქვენგანის ნდობა და უკვე ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციიდან, საკუთარი წვლილი შევიტანო ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების საქმეში.
მსურს, გაგაცნოთ საქმიანობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ჩემი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების შემთხვევაში.
პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება და ეროვნული ინტერესები.
ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო კი ზრდის საქართველოს მიმზიდველობას არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ ოკუპირებულ რეგიონებში, რაც აუცილებლად აისახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესებზე.
საქართველოს სახელმწიფო ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.
სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი ახალი მექანიზმების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესებისკენ, რომლებიც, შესაძლებლობის ფარგლებში, საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები.
მანდატის ფარგლებში, გაგრძელდება სამსახურის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, ასევე, თანამშრომლობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM).
ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ინტენსიური ზეწოლა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. მათ შორის, სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა.
შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას პროპაგანდისტული კამპანიების, ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი სხვა ქმედებების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით.
ამასთან, საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია რჩება სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული მსხვილი აქტორების კონკურენციის ერთ-ერთ საკვანძო არეალად, მათ შორის რეგიონზე გამავალი და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების გამო.
აქედან გამომდინარე, მაღალია ზოგიერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების დაინტერესება საქართველოში მიმდინარე პროცესებით.
ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის სადაზვერვო თუ ოპერატიულ ღონისძიებებს.
ამ მიმართულებით, მზარდი გამოწვევების ფონზე, პრიორიტეტად მიმაჩნია მუშაობის გააქტიურება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
ჩემ მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურის საქმიანობისა და მათი პრიორიტეტების გამოვლენასთან ერთად, აქცენტი გაკეთდება მათ მიერ წარმოებული აქტიური ღონისძიებების, მათ შორის საქართველოში სეპარატიზმისა და ნაციონალიზმის, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებების მცდელობების აღკვეთაზე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში.
შესაბამისად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც, მათ შორის, გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას.
ამასთან, უწყების ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი ეკონომიკური და ბიზნესპროექტების გამოვლენისკენ, რომლებიც, შესაძლოა, გამოყენებული იყოს უცხო ქვეყნების ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად და იქცეს ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით ხელისუფლებაზე ზეწოლის ეფექტურ მექანიზმად.
მსოფლიოში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და იმ ინფორმაციული სისტემების დაცვა, რომელთა გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის.
შესაბამისად, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის განვითარება და ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
დღეისათვის სამსახური უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადებული პირადი შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია, გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს.
საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება მსოფლიოსთვის კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. გლობალური კონტრტერორისტული ძალისხმევის მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაციები პოზიციებისა და რესურსების აღდგენას აქტიურად ცდილობენ.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან კონტრტერორისტული მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობებს ადგილი არ ჰქონია. ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურირებული ტერორისტული ჯგუფი, ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად შემცირებულია, ხოლო საქართველოში ტერორისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა ძალიან მცირეა.
მიუხედავად ამისა, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, სამსახურის პრიორიტეტი იქნება კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესება და ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება.
ყურადღება დაეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების მუდმივ მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას, პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობის ინსტრუმენტების დახვეწას.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და დღემდე, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ლიდერია შავი ზღვის რეგიონში, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა და რეიტინგიც ადასტურებს.
მიუხედავად ამისა, კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება და ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა.
ადრეულ ეტაპზე საგარეო გამოწვევების იდენტიფიცირება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშემწყობ ფაქტორს. შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელის რანგში, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სამსახურის სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება.
ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალკვალიფიციური და პროფესიონალური უნარ-ჩვევების მქონე სადაზვერვო ოპერატიული და ანალიტიკური გუნდების ფორმირებას, რომლებიც განახორციელებენ საგარეო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პროცესების შესწავლას და დამუშავებას.
სამსახურის ოპერატიული, ტექნიკური და ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალიზმით გამორჩეული კადრების მაქსიმალურად შენარჩუნებას, ასევე, მოტივირებული და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მოზიდვასა და მათ განვითარებას.
შესაბამისად, ჩემი პრიორიტეტი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
აქვე მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა და მიღებული აკრედიტაციის საფუძველზე, პირველად განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამას. სტუდენტებს ექნებათ საშუალება, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალისგან მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და დასაქმდნენ ჩვენს სამსახურში.
მსურს აღვნიშნო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან, როგორიცაა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი.
დასასრულს, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი მაღალკვალიფიციური და ღირსეული პირადი შემადგენლობით, ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ მათი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მრავალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება. შესაბამისად, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების თითოეულ თანამშრომელს სამშობლოს ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის. ისინი ნამდვილად არიან ის პატრიოტი ადამიანები, რომელთა ყოველდღიური, თავდადებული შრომა უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.
გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დამტკიცების შემთხვევაში, მე და უწყების თითოეული თანამშრომელი დაუღალავად და უდიდესი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი მთავარი მისიის შესრულებას — დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე და უსაფრთხოება“, – განაცხადა ბორაშვილმა.


