საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
“მინისტრთა ფორუმი, რომელიც გლობალური განვითარების ინიციატივისა (GDI) და გლობალური მმართველობის ინიციატივის (GGI) განხორციელებასა და მდგრადი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა, პეკინში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
თამარ იოსელიანმა, გამოსვლის დასაწყისში, საქართველოს სახელით მხარდაჭერა გამოხატა ინიციატივის მიმართ და აღნიშნა, რომ მდგრადი და ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მდგრად განვითარებაზე, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაზე, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე, მულტიმოდალურ კავშირებსა და სატრანსპორტო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაზე.
მისი განცხადებით, საქართველოსთვის მდგრადი ტრანსპორტის განვითარება გულისხმობს თანამედროვე და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ეს მიდგომაა ასახული საქართველოს ტრანსპორტის განვითარების 10 წლიან გეგმაში, რაც ასევე თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან”, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


