მარიამ ქვრივიშვილი: „ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს“

14

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვილაპარაკეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

როგორც მან აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს, ზოგადად, იმ გეგმასა და ხედვაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის შემდგომ განვითარებაზე.

„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ტრანსპორტის მინისტრთან, კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ადგილობრივ უმსხვილეს კორპორაციებთან და კომპანიებთან ტრანსპორტის, გადაზიდვების, პორტის ოპერირების, ისევე როგორც ენერგეტიკის სექტორში. ვიზიტის მსვლელობისას ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.