„ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევა“ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გარდაუვალი და სამართლებრივად აუცილებელი“, – აამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ეს იქნება ყველაზე დიდი და პოზიტიური ჩარევა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გარდაუვალი და სამართლებრივად აუცილებელია. იმიტომ რომ იმ ეროზიამ, რაც უკვე ოპოზიციაშია – სერიოზულმა პოლიტიკურმა ეროზიამ – საზოგადოება დაავადმყოფა. საერთოდ, პოლიტიკოსის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკა საზოგადოებას ან აჯანმრთელებს, ან აავადებს, ამ ოპოზიციამ კი დაავადა ქართული საზოგადოება და, შესაბამისად, ქვეყანაც.
აქედან გამომდინარე, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დასრულდეს, თორემ საბოლოო ჯამში ქვეყანას გაანადგურებს. ამიტომ, ჩვენ ველით პოზიტიურ და სამართლიან გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოდან. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი „ქირურგიული ჩარევა“ ქართულ პოლიტიკაში, რათა როგორმე დასრულდეს ეს ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც რეალურად ოპოზიცია კი არა, არამედ მავნე პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ჰქვია. მათ საკუთარი კეთილდღეობის გარდა არც ქვეყანა აინტერესებთ და არც ხალხი.
თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი დამკვეთების ბედ-იღბალიც არ აინტერესებთ – მათი ერთადერთი მიზანია, თანხები აიღონ და როგორმე ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, რათა ისევ ისე აბურთავონ ეს ქვეყანა, როგორც ამას აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში.
ვფიქრობ, მათაც იციან , რომ გარდაუვალია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მათი გაუქმება და ფიქრობენ, როგორ განახლონ, როგორ შემობრუნდნენ პოლიტიკაში, რა სახელი დაირქვან და ა.შ. ანუ რებრენდინგზე ფიქრობენ, რათა გადაირჩინონ საკუთარი თავები“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.


