თამარ ჩიბურდანიძე: „საქართველოს ხელისუფლებას არ შეუქცევია ზურგი ევროპისა და დასავლეთისთვის – საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა იმ გზით სიარულზე, საითკენაც გვიბიძგებდნენ დღევანდელი ევროკავშირის ლიდერები, და ეს იყო გარდაუვალი ომი და დაღუპვა“

30

„საქართველოს ხელისუფლებას არ შეუქცევია ზურგი ევროპისა და დასავლეთისთვის – საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა იმ გზით სიარულზე, საითკენაც გვიბიძგებდნენ დღევანდელი ევროკავშირის ლიდერები, და ეს იყო გარდაუვალი ომი და დაღუპვა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ ევრობიუროკრატიაზე საუბრისას განაცხადა.

„არანაირი ანალიტიკური დებატები ამ ოპოზიციას არ შეუძლია, იმიტომ რომ მათ თემა აღარ დარჩათ ხელში. ერთადერთი თემა, რაც ჰქონდათ და დღევანდელ დღემდე კიდევ რაღაცნაირად ამუშავებდნენ, ის იყო, თითქოს ხელისუფლებამ გადაუხვევა დემოკრატიულ გზას, დასავლეთი უკუაგდო და ა.შ. მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ დღევანდელ პროცესებს – სად იმყოფება პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, სად არიან საპარლამენტო დელეგაციები – უკვე ნათელია, რომ ჩვენ კი არ ვაქციეთ ზურგი დასავლეთს, არამედ დასავლეთმა, ისევე როგორც საქართველოში ოპოზიციამ, თვითონ დაიწყო თვითლიკვიდაციის პროცესი.

დღეს იგივე ევროპა, რომელიც გუშინ გვლანძღავდა (დღესაც კარგად ახმოვანებენ კრიტიკულ განცხადებებს ჩვენს წინააღმდეგ), ხვდება, რომ ეს ევროპა სანდო არ არის. თანამედროვე ევროპული ლიდერები, რომელთა ხელშიც არის ევროპის ბედი, თვითონ ღუპავენ საკუთარ ქვეყნებს, სახელმწიფოებს და ევროკავშირს, რომელმაც, სხვათაშორის, ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა მსოფლიო ისტორიაში და მათ შორის საქართველოსთვისაც (მე ამას არ ვუარყოფ), მაგრამ დღეს ისინი თვითლიკვიდაციის პროცესში არიან.

ამაზე მეტყველებს არჩევნებიც – არჩევნები ხომ ყველაზე დიდი სარკეა: რა ხდება გერმანიაში, რას ველით საფრანგეთში, რა ხდება სხვა ქვეყნებში? ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში. თუკი გადავხედავთ ევროპას, განსაკუთრებით საშიშია ულტრამემარჯვენე ძალები პოლიტიკაში (მე არ ვსაუბრობ მემარჯვენე ძალებზე, არამედ ულტრამემარჯვენეებზე მაქვს საუბარი). როდესაც ულტრალიბერალიზმი აღწევს პიკს, მას წინააღმდეგობას უწევს მხოლოდ და მხოლოდ ულტრამემარჯვენე ძალა და არა ჩვეულებრივი მემარჯვენეები. აქედან გამომდინარე, რა შეიძლება დამართონ ულტრამემარჯვენეებმა ევროპას, ჩვენ ეს თითქმის საუკუნის წინ უკვე ვნახეთ. რა თქმა უნდა, ის ზუსტად ისე აღარ განმეორდება, მაგრამ სერიოზული რყევები იქნება ევროპაში. თუმცა აქამდე არ უნდა მივიდეს სიტუაცია.

ულტრალიბერალიზმი და ზოგადად ყველაფერი „ულტრა“ ქვეყანაში იწვევს უკურეაქციას და ნგრევას. აქედან გამომდინარე, დღევანდელმა ევროპელმა ლიდერებმა მიიყვანეს ამ უკიდურეს მდგომარეობამდე ევროკავშირი, რომელიც ნამდვილად ღირებულებითი კავშირი იყო თავის დროზე, თუმცა დღეს ყოველგვარი ღირებულება დაკარგა.

რა მოხდება ხვალ? შესაძლებელია, ცოტა ხანი კიდევ ვისმინოთ კრიტიკული განცხადებები ევროპელებისგან, მაგრამ მათ ჩვენზე კარგად იციან, თუ რა დონეზე სჭირდებათ საქართველო. მათი განცხადებებიდანაც ვკითხულობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და სასიცოცხლო არტერიაა საქართველო მათთვის.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოს ხელისუფლებას არ შეუქცევია ზურგი ევროპისთვის და დასავლეთისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო ცრუ დემოკრატია, არ მიიღო და უარი თქვა იმ გზით სიარულზე, საითკენაც გვიბიძგებდნენ დღევანდელი ევროკავშირის ლიდერები და ეს იყო გარდაუვალი ომი, გარდაუვალი დაღუპვა“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.