ზაზა შათირიშვილი თურქეთში ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმდინარე მკაცრ პოლიტიკაზე: „ყველაფერი, რაც ახლა თურქეთში ხდება, იმის გააზრებაა ერდოღანის მხრიდან, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს – მას უბრალოდ აღარ სჯერა ევროკავშირის პერსპექტივის“

57

„ყველაფერი, რაც ახლა თურქეთში ხდება, იმის გააზრებაა ერდოღანის მხრიდან, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს – მას უბრალოდ აღარ სჯერა ევროკავშირის პერსპექტივის“, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა თურქეთში ლგბტ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე მკაცრ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

„დავიწყოთ იქიდან, რომ თურქეთში საკანონმდებლო თვალსაზრისით საკმაოდ თავისებური სიტუაციაა. ერთია იურიდიული დონე და მეორე – ფაქტობრივი რეალობა. რეალურად, იურიდიულ დონეზე ლგბტ „აჯენდა“ არ არსებობს, თუმცა არაფორმალურად, ცხადია, არსებობს – შეიძლება ასე ითქვას. კანონმდებლობით ერთსქესიანი ურთიერთობები ფორმალურად აკრძალული არ არის (ანუ დანაშაული არ არის), მაგრამ არც ლეგალიზებულია. კანონში საკმაოდ ბევრი ხვრელია და სიტუაცია ბუნდოვანია.

ამიტომ თურქეთი, ცხადია, არ არის ჰოლანდია, ბელგია ან თუნდაც საფრანგეთი, სადაც მყარი საკანონმდებლო ბაზაა და ერთსქესიანი ქორწინება თუ შვილად აყვანის უფლება (ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში) დაკანონებულია. თურქეთი ამ მხრივ გამონაკლისია: მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე ქემალისტური მემკვიდრეობის სეკულარულ სახელმწიფოდ პოზიციონირებს, მეორე მხრივ, ქვეყანაში ისლამის უზარმაზარი გავლენა არსებობს. თან ახლა, ერდოღანის პერიოდში, თურქეთის თანდათანობითი ისლამიზაცია სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

როგორია თურქეთის სტატუსი? – მოდით, ასე ვთქვათ: ის დღემდე არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა კანდიდატის სტატუსი უკვე რამდენი ხანია აქვს. აქედან გამომდინარე, მე მგონი, ყველაფერი, რაც ახლა იქ ხდება, იმის გააზრებაა ერდოღანის მხრიდან, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს. სწორედ ამიტომ, რადგან მან ასეთი სტრატეგია აირჩია, ასეთი ხისტი პოლიტიკა გაატარა, ასე დაუპირისპირდა ამ თემას და ასეთი დევნა დაიწო, მთავარი მომენტი ამ ყველაფერში ისაა, რომ ერდოღანს უბრალოდ აღარ სჯერა ევროკავშირის პერსპექტივის.

ასეა თუ ისე, თურქეთი გამოიკვეთა როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელსაც სურს იყოს დამოუკიდებელი მოთამაშე ისეთივე მასშტაბით, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, შეერთებული შტატები და რუსეთი.

ის ფაქტი, რომ თურქეთი უფრო და უფრო გამოიკვეთა ახალ მსოფლიოში, ნიშნავს იმას, რომ ამ ახალ რეალობაში იგი ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე თამაშობდა ძველ მსოფლიოში – მსოფლიოში, რომელსაც შეიძლება გლობალისტური ვუწოდოთ და რომელიც უკვე დამთავრდა“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.