„ნებისმიერ ხელისუფლებას ოპოზიცია წამალივით სჭირდება ქვეყანაში – ოღონდ არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვყავს, არამედ აკადემიურ და ღრმა ანალიზზე დაფუძნებული ოპოზიცია. მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა გასაქანი საქართველოში ჩამოყალიბებულ ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს, როდესაც ეს მავნე ოპოზიცია სამართლებრივად დასრულდება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„მსგავსი მცდელობა კიდევ ბევრი იქნება საქართველოში – ფულის ირიბად ჩასხმა ქართულ პოლიტიკაში ან რაღაც დონეზე შემოყვანა. „კორძის“ პოლიტიკურ ბილწსიტყვაობას ხომ ეყოლებოდა მაყურებელი – ბუნებრივია, ესეც პოლიტიკაა, პოლიტიკური თამაშია, პოლიტიკური ხრიკებია, რასაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს აქ და რასაც მათი დამკვეთები იყენებენ იქიდან.
არ სძინავს საქართველოს ხელისუფლებას, ეს ყველაფერი ცხადზე ცხადია, და ბუნებრივია, შესაბამისი ზომები ყოველთვის იქნება მიღებული. აქედან გამომდინარე, ასეთი მავნე პოლიტიკური ქმედებები არ დასრულებულა საქართველოში და არც დასრულდება, სანამ ეს ოპოზიცია სამართლებრივად არ დასრულდება, სანამ მათი მავნე ქმედებები სამართლებრივად არ აღიკვეთება. ბუნებრივია, უცხოეთიდანაც იგივე გაგრძელდება. როდესაც ეს დასრულდება, შემდეგ უკვე მართლა მიეცემა გასაქანი საქართველოში ჩამოყალიბებულ, ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიას.
საერთოდ, პოლიტიკაში არის ასეთი წესი: თუკი ხელისუფლებას არ ჰყავს პრაგმატული, აკადემიური, კლასიკური ოპოზიცია, ნებისმიერ ქვეყანაში ეს ხელისუფლება უშვებს შეცდომებს. ეს არის სტანდარტი პოლიტიკაში, ამიტომ ნებისმიერ ხელისუფლებას ოპოზიცია წამალივით სჭირდება ქვეყანაში – ოღონდ არა ისეთები, როგორიც ჩვენ გვყავს, არამედ მართლა ჩამოყალიბებული, აკადემიურ და ღრმა ანალიზზე დაფუძნებული ოპოზიცია.
აქედან გამომდინარე, განა მარტო უნდა გაიწმინდოს პოლიტიკური ველი – უნდა ვისწავლოთ პოლიტიკა, ქვეყანაში აკადემიური, კლასიკური პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ გვაქვს უკვე ამის მზაობა. ეს აუცილებლად მოხდება და მოხდება ძალიან მალე“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.


