„კომისიის დასკვნა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი. არსებობს უამრავი ფაქტობრივი გარემოება და მამხილებელი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ ავაგეთ სარჩელი. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ უსწორდებოდა სახელმწიფო ბოროტების მანქანა საკუთარ მოქალაქეებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, როგორც ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი, ყველას ვურჩევდი, წაიკითხოს ეს სარჩელი. ეს ძალიან მძიმე წასაკითხია, მაგრამ – ძალიან მნიშვნელოვანი. იქ არის ძალიან ბევრი თავი, რომელიც ეხება სიცოცხლის მოსპობას, ოჯახების დაწიოკებას, ბიზნესის რეკეტს და ა.შ. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ უსწორდება სახელმწიფო ბოროტების მანქანა, მაფიოზური, ბრუტალური ძალის გამოყენებით, საკუთარ მოქალაქეებს – სისტემურად და განგრძობადად.
კომისიის დასკვნა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი. არსებობს უამრავი ფაქტობრივი გარემოება, მამხილებელი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ ავაგეთ სარჩელი. ამიტომ, მე არ მინდა დღეს ვისაუბრო კონკრეტულ გარემოებებზე, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მთელი რიგი გარემოებები გამოგვრჩეს და საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს აღქმა არა იმგვარად, როგორც მართებულია ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, არამედ სუბიექტური მოცემულობით. ამიტომ ვამბობ, რომ სარჩელის განხილვისას სხდომა იქნება ღია და საზოგადოება ყველაფერს ძალიან მარტივად ნახავს.
ძალიან საინტერესოა, რომ ის პროცესები, რომლებიც მათი წარმომადგენლების მიმართ გაიმართა – ვგულისხმობ სისხლის სამართლის განაჩენებსა და ამ პროცესებს – დღემდე საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ და ცალსახად ვერ მოისმინა მათგან ერთადერთი რამ: ბოდიშის მოხდა იმისთვის, რაც ჩაიდინეს. ამის საპასუხოდ, ქართველმა ხალხმა მოისმინა მხოლოდ თავდასხმა და შეურაცხყოფა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.


