ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი სტუდია “მონიტორისთვის” გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში დღეს არსებობს მედია და არსებობენ ჟურნალისტები, რომელთა მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება კი არა, დაკვეთილი დავალებების შესრულება და ამ დავალებების შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაა.
სწორედ ასეთი „ჟურნალისტური პროდუქტი“ იხილა საზოგადოებამ სტუდია „მონიტორის“ ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტში, რომელიც, როგორც გავიგეთ, ინკოგნიტო „ინფორმირებული წყაროს“ მონათხრობს ეფუძნება, თუმცა თავად „გამოძიება“ იმდენად აბსურდულია, იმის გაგებაც კი რთულია, სად არის აქ კონსპირაცია.
საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, სტუდია „მონიტორის“ სახელით მივიღე შემდეგი შინაარსის წერილი:
„ბატონო ვანო,
გწერთ სტუდია „მონიტორის“ სახელით. ვამზადებთ საგამოძიებო მასალას, რომელიც ეხება თელეთის ქედზე თქვენი კომპანიის „ესსი ტაბახმელას“ მიერ შეძენილ ტერიტორიას. გამოქვეყნებამდე გთავაზობთ პასუხის უფლებას და გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
- ჩვენი ინფორმაციით, 28 აპრილს თქვენმა კომპანიამ „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისგან“ თელეთში 10 ჰექტარი მიწა შეიძინა. რა მიზნით შეიძინეთ ეს ნაკვეთი?
- აღნიშნულ ტერიტორიას პრემიერ-მინისტრის №512 დადგენილებით განსაკუთრებული რეგულირების (განაშენიანების ამკრძალავი) სტატუსი აქვს მინიჭებული. რატომ შეიძინეთ ამ სტატუსის მქონე მიწა?
- დოკუმენტების მიხედვით, გადახდილმა თანხამ 500 000 დოლარი შეადგინა, კვადრატულ მეტრში 5 დოლარი, რაც საბაზრო ფასს დაახლოებით 10-ჯერ ჩამოუვარდება. როგორ ხსნით ამ სხვაობას?
- იყო თუ არა ეს ნაკვეთი ივანიშვილების ოჯახის თხოვნით ან დავალებით შეძენილი?
- იცოდით თუ არა, რომ ოლეგ ოსინოვსკი ამ ტერიტორიის გაყიდვაზე უარს აცხადებდა, სანამ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა და სასამართლო ჩაერთვებოდნენ?“
სამწუხაროდ, სიუჟეტის ავტორმა, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად დამალა მათი კითხვების პასუხად ჩემ მიერ გაგზავნილი წერილის მთავარი სათქმელი, სადაც დეტალურად განვმარტავდი, როგორც იმას, თუ რა მიზნით შევიძინე აღნიშნული ნაკვეთი, ასევე იმასაც, თუ როგორ განისაზღვრა ამ კონკრეტული მიწის ფასი. თუმცა, ჟურნალისტმა ჩემ, ანუ რეალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად არ გაასაჯაროვა და მთელი სიუჟეტი კონსპირაციებზე ააგო, თანაც ისე, რომ წყარო არ დაასახელა.
შესაბამისად, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საჭიროდ მიმაჩნია, რომ სტუდია „მონიტორისთვის“ გაგზავნილი პასუხი გავასაჯაროო:
„სტუდია „მონიტორის“ დირექტორს
ქალბატონ ნინო ზურიაშვილს
თქვენი კითხვების საპასუხოდ მოგახსენებთ, რომ:
ჩვენ მიერ მიმდინარე წლის აპრილში „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისგან“ თელეთში მიწის ნაკვეთის შეძენა დაკავშირებულია მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გეგმასთან. ვინაიდან შეძენილ ნაკვეთს პრემიერ-მინისტრის №512 დადგენილებით განსაკუთრებული რეგულირების – განაშენიანების ამკრძალავი – სტატუსი აქვს, მასზე რაიმე ტიპის სამშენებლო განვითარება არ იგეგმება. ტერიტორია გამოყენებული იქნება სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობად.
რაც შეეხება შესყიდვის ღირებულებას, გადახდილი ფასი შეესაბამება აღნიშნული მიწის სამართლებრივ სტატუსსა და მისგან გამომდინარე გამოყენების შეზღუდვებს. მიწის საბაზრო ღირებულების შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მის მდებარეობას, არამედ იმ გარემოებასაც, რომ ტერიტორიაზე განაშენიანება აკრძალულია, რაც პირდაპირ აისახება მის ეკონომიკურ ღირებულებაზე.
ნაკვეთის შეძენა არ განხორციელებულა ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების თხოვნით და მათ აღნიშნულ გარიგებასთან კავშირი არ აქვთ. ასევე, ჩვენთვის უცნობია ის გარემოებები, რომლებიც თქვენს წერილში ოლეგ ოსინოვსკის პოზიციასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობასთან დაკავშირებით არის აღწერილი“.
მეტი თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემი კომპანიის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მაქვს მიწა, სადაც მშენებლობა შესაძლებელია და საცხოვრებელი სახლის აშენებას ვგეგმავ. მიწა, რომელიც „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისგან“ შევიძინე და რომელსაც განაშენიანების ამკრძალავი სტატუსი აქვს, გამოყენებული იქნება სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობად. და, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მისი ოჯახის წევრებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ამ განმარტების შემდეგ, ვფიქრობ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ყველაფერი ცხადი და გასაგებია.
თუმცა, გაუგებარია თავად ჟურნალისტის პოზიცია და ის, თუ რატომ არ გაუჩნდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესმენმა, რომელიც, ბუნებრივია, მოგებაზეა ორიენტირებული, შეიძინა მიწა, სადაც მშენებლობა ნებადართულია და რომლის 1 კვადრატულ მეტრში დაახლოებით 1 აშშ დოლარი გადაიხადა. (დღეს იმავე მიწის საბაზრო ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 200-300 აშშ დოლარითაა განსაზღვრული).
სამაგიეროდ, ჟურნალისტი კითხვას სვამს იმის შესახებ, თუ რატომ შეიძინა ჩემმა კომპანიამ მიწა, სადაც მშენებლობა აკრძალულია და 1 კვადრატულ მეტრში 5 აშშ დოლარი, დაახლოებით ხუთჯერ მეტი გადავიხადე.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობ ყველაფერი ნათელია. შესაბამისად, იმედი მაქვს აღნიშნული საკითხით დაინტერესდება ობიექტური მედია, დასვამს ობიექტურ კითხვებს, გააკეთებს ობიექტურ ანალიზს და საზოგადოება არ დარჩება სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული მიკერძოებული და დეზინფორმაციული ინფორმაციის პირისპირ”, – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.


