შსს: „სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლევ მიხეევს ხელი მოაწერინეს მისთვის გაუგებარ დოკუმენტებზე, მასთან კომუნიკაცია თარჯიმნის მონაწილეობით ხდებოდა და მან საქართველო ნებაყოფლობით დატოვა“

13

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბელარუსის მოქალაქე ლევ მიხეევთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა ან გაუგებარ ენაზე დოკუმენტებზე ხელმოწერა არ განხორციელებულა.

უწყების განცხადებით, ყველა პროცედურა თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარდა, რის შემდეგაც ქვეყანაში უკანონოდ მყოფმა მიხეევმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა:

“გვსურს გამოვეხმაუროთ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ სხვადასხვა წყაროში გავრცელებულ არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას.

თავდაპირველად განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომელიც ქართულ ენას არ ფლობს, კომუნიკაცია ხორციელდება თარჯიმნის მონაწილეობით. მათ შორის, პირისთვის დოკუმენტების გაცნობისა და ხელმოწერის პროცესში უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციის მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნა და განმარტება.

შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლევ მიხეევს ხელი მოაწერინეს მისთვის გაუგებარ, ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე ისე, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია მათი შინაარსის შესახებ. დოკუმენტებზე ხელმოწერამდე მას თარჯიმნის მეშვეობით მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია და განემარტა მათი შინაარსი.

ასევე განვმარტავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესაბამის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე გადაყვანა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილი საბადრაგო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. უშუალოდ ლევ მიხეევის გადაყვანა განხორციელდა 2025 წელს გამოშვებული „IVECO“-ს ბრენდის ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

საზოგადოების დეტალური ინფორმირების მიზნით, ასევე განვმარტავთ, რომ ლევ მიხეევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2021 წელს მიმართა. საკუთარ მოთხოვნას იგი ბელარუსის რესპუბლიკაში მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებდა.

მიგრაციის დეპარტამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვით შეისწავლა აღნიშნული საქმე და 2024 წლის 27 სექტემბერს ლევ მიხეევს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, ვინაიდან, დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად, არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლევ მიხეევმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ორივე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება. შესაბამისად, 2026 წლის 29 ივნისიდან ლევ მიხეევი საქართველოში აღარ ითვლებოდა თავშესაფრის მაძიებლად.

2026 წლის 25 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ლევ მიხეევი, რომელიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი დაკავებულ იქნა და შემდგომი გაძევების მიზნით მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.

დაკავების შემდეგ ლევ მიხეევს, თარჯიმნის მონაწილეობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განუმარტეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, მათ შორის ის გარემოება, რომ იგი ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. ამასთან, მას მიეცა შესაძლებლობა, საქართველო ნებაყოფლობით დაეტოვებინა მისთვის სასურველი მიმართულებით.

ლევ მიხეევმა ისარგებლა კანონით მინიჭებული შესაძლებლობით და საქართველო მისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყნის მიმართულებით დატოვა,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.