შალვა პაპუაშვილი: “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე და ჩვენი მონდომებით დადგინდა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. უფრო მეტიც, ოკუპირებულია არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სწორედ ამ ომებიდან, 1990-იანი წლებიდან”

11

“რაც შეეხება რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს სახელდებას, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი ეს სტატუსი გააფორმა სასამართლოს აქტით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი.

„კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე და ჩვენი მონდომებით დადგინდა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. უფრო მეტიც, ოკუპირებულია არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სწორედ ამ ომებიდან – 1990-იანი წლებიდან. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ეფექტიან კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ოკუპაცია. ასე რომ, სახელდება სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ტერმინ „ოკუპაციასთან“ დაკავშირებით ევროკავშირის მიდგომაზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება ოკუპაციას. ბოლო წლებამდე ევროკავშირი არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ განცხადებაში არ ამბობდა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს მოიხსენიებდა არა ოკუპირებულ ტერიტორიებად, არამედ სხვა ტერმინოლოგიით, როგორც საქართველოდან გამოხლეჩილ ტერიტორიებს. ჩვენი მუდმივი მოწოდებების შედეგად, ბოლო პერიოდში, ალბათ 1-2 წელია, რაც ზოგიერთ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ ჩასწორდა ეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი მოიხსენიებიან, ოღონდ კომბინაციაში – ოკუპირებულ და გამოყოფილ ტერიტორიებად, რაც ასევე მიუღებელია ჩვენთვის. ბოლოს და ბოლოს ევროკავშირი უნდა შეეშვას ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და ოკუპაციას დაარქვას ოკუპაციის სახელი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.