პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: „ყველაზე მეტი უბედურება ისაა, რომ ქვეყანაში ამათ ფონზე არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია, არადა ჯანსაღი ოპოზიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის“

„ყველაზე მეტი უბედურება ისაა, რომ ქვეყანაში ამათ ფონზე არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია, არადა ჯანსაღი ოპოზიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემი დაკვირვებით, ამ ადამიანებზე ძალიან ბევრი ფულია ჩარიცხული – ძალიან ბევრი ფული შეუჭამეს მათ თავიანთ პატრონებს და ახლა უნდა მოხდეს ე.წ. გათეთრების პროცესი, იმიტომ რომ ისინი ახლა ამ თანხებს ითხოვენ და ეუბნებიან: „ამდენი ფული რომ ჩაგირიცხეთ, ამდენი ტრენინგი რომ ჩაგიტარეთ და თანხები გადავყარეთ, უკუგება მოგვეცით, იმოქმედეთო“. ამიტომ არც ისე სულელია გვარამია, რომ ვერ ხედავდეს იმას, რომ მისი მხარდამჭერი თითო-ოროლა ადამიანიღა დარჩა ამ ქვეყანაში. ამიტომ ის რასაც აკეთებს, აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმის მეშვეობით, რომ მას მეტი დავალება აღარაფერი აქვს და ვერც შემოქმედებითად ვეღარ განვითარდება.

ამათ რაც სჭირთ, გასაგებია და მაგათი გასწორება აღარ იქნება, მაგრამ ყველაზე მეტი უბედურება ისაა, რომ ქვეყანაში ამათ ფონზე არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია, არადა ჯანსაღი ოპოზიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში. ეს საჭიროა ქვეყნის წინსვლისთვის.

სანამ ჩვენ გვარამიებს ვებრძვით, სანამ ასეთი ოდიოზური ფიგურები იქნებიან, მანამდე ყურადღება მიმართული იქნება აქეთკენ. ამიტომ მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ და არიან ნიჭით გამორჩეულები, მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან პროფესიონალები. ჩვენ, ქართველებს, შეიძლება ბევრ რამეში გვქონდეს ვაკუუმი, მაგრამ პოლიტიკაში ნამდვილად არ გვაქვს ვაკუუმი – ამ ხალხს სჭირდება მოძიება, რათა არა გვარამიებისა და ხოშტარიების ნგრევაზე იყოს მიმართული ოპოზიცია, არამედ ქვეყნის აღმშენებლობაზე“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.