თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “ოპოზიციის მხრიდან კვლევის შესახებ ინფორმაციის დამალვა პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან”

34

“IRI-ის კვლევამ რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. გავრცელებული მონაცემებით, რომლებსაც ისინი რამდენიმე დღე მალავდნენ, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო მათ – ჯამში, 16%”, – წერს „ხახლის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

„ამ კვლევით ციფრებითაა ნაჩვენები მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ეგრეთ წოდებულ უსამშობლოთა კრიზისი.

კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის ფრთის დაბალი ჯამური რეიტინგი (16%) მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათში ვერ ხედავს რეალურ, სანდო და კომპეტენტურ ძალას — ალტერნატივას, რომელსაც ქვეყნის მართვას მიანდობდა.
მათი მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან. ნაცვლად იმისა, რომ არასახარბიელო შედეგები შიდა რეფორმების, ტაქტიკის შეცვლისა და ამომრჩეველთან მუშაობის გაძლიერების სტიმულად გამოიყენონ, ფაქტია, რომ ინფორმაციული თავდაცვისა და რეალობისგან გაქცევის გზას ირჩევენ.

არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან, წაგებამდე წაგების აღიარებაა.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მათივე ამომრჩეველი დემორალიზებულია და ნიჰილიზმს მიეცა, რადგან ხვდება, რომ მისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებამდე გამარჯვებულია!“ – წერს მეგრელიშვილი.