ლევან მაჭავარიანი – გახარიას პარტიას: “ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით”

41

“დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. სხვადასხვა დროს, ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია გაჟღერდა და მინდა, რამდენიმე შეგახსენოთ”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

“ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვათა შორის, საგამოძიებო კომისიაზე სულ ახალი ვერსიები გააჟღერა ბატონმა გიორგი გახარიამ. [გახარიამ] ჯერ თქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ერეოდა ჩემს საქმეებში და ეგ იყო ჩემი გადადგომის მიზეზიო, რომელიც საერთოდ აცდენილია ამ კოლაჟს, სადაც კიდევ სამი-ოთხი სხვადასხვა ვერსია გააჟღერა. და ბოლოს მას წამოსცდა, – ელჩებს შევხვდი და მათთან კონსულტაცია გავიარეო.

რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით და იგი გადადგა იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” ჰქონდა დაწესებული 53-პროცენტიანი გაუგებარი ბარიერი და მას ხელი უნდა შეეშალა ამ ბარიერის გადალახვაში. სწორედ მაშინ შემობრუნდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მისი არასაჯარო მესიჯი იყო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი გახლდათ, რომ ჩვენი ხმები წაეღო და ხელი შეეშალა ბარიერის გადალახვაში.
თუმცა, არაფერი გამოუვიდა.

ამის შემდეგ, შეგახსენებთ, მეგობრებო:თქვენ შექმენით კოალიციები “ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირდაპირი პარტნიორობა, და იმდენად აშკარა იყო თქვენი კოლექტიური “ნაცობა“, რომ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს რაღაცნაირად კონფიგურაციის გადალაგება და ვითომ კონსტრუქციულად თქვენი პოზიციონირება. თუმცა, რამდენიმე საკითხი იყო უცხოელი პატრონებისთვის ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი, სადაც მთელი აგენტურული რესურსის მობილიზება დასჭირდა და თავადვე გამოიწვიეს თქვენი ლუსტრაცია…ერთი – ეს იყო გამჭვირვალობის ქართული კანონი. დღესაც არ გრცხვენიათ თუ დღესაც ამბობთ, რომ რუსულია ის კანონი? დღესაც ამბობთ, რომ რუსულია?

მე მინდა, რომ თქვენს მდგომარეობაში შემოვიდეთ, თუმცა ძალიან გამიჭირდება, თუ თქვენ დღესაც ამბობთ, რომ ეს კანონი იყო რუსული. რომ ამბობდით, – ემიგრანტები ფულს ვერ ჩაურიცხავენ თავიანთი ოჯახის წევრებსო… ორი წელი გავიდა. ხომ ურიცხავენ? რომ ამბობდით, – ოპოზიციური პარტიები აიკრძალება ამ კანონითო… ორი წელი გავიდა. ხომ არ აკრძალულა? NGO ორგანიზაციები გაუქმდებაო და რომ ამბობდით, – როგორ შეიძლება, ეჭვქვეშ დაგვყენებინა USAID-დან გადმორიცხული ფული… ბატონი ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამხილა, რომ კრიმინალური ორგანიზაცია ყოფილა USAID, რომელიც აფინანსებდა რევოლუციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ლგბტ პროპაგანდა რომ აუკრძალეთ საქართველოში, რატომ გაიპარეთ, რაღაცა ბოიკოტი რომ მოიფიქრეთ? – იმიტომ, რომ თქვენი გარე პატრონებისთვის ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი თემა, მსოფლიოს დააჯერონ, რომ თურმე, ორ სქესზე მეტი არსებობს. შემდეგ „აპრავებდით“, – პაკეტისთვის არ გვინდოდა მხარის დაჭერაო და კანონებს ამ პაკეტში ცალ-ცალკე ვუყარეთ ჩვენ კენჭი. იმ კანონს რატომ არ დაუჭირეთ მხარი, რომელსაც ეთანხმებოდით? – იმიტომ, რომ თქვენ ლგბტ პროპაგანდის გვერდში მოგიწიათ დგომა.

შეიძლება, თქვენ არ ეთანხმებოდეთ ამ პროპაგანდას, უბრალოდ, თქვენმა პატრონებმა დაგავალეს და სხვა გზა ფიზიკურად არ გქონდათ.

პოლიტიკურადაც იცოდით, რომ წამგებიანი იქნებოდა თქვენთვის ლგბტ პროპაგანდის გვერდში დგომა, მაგრამ, მოგიწიათ ლგბტ პროპაგანდის გვერდში დადგომა.

რაც შეეხება ამ გადალაგების პროცესს, რომელიც შემდეგ გაგრძელდა და უფრო რომ გაემიჯნეთ მოქალაქეების თვალში თქვენ და პარტია „ლელო“ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობისგან”, 2025 წელს დაგავალეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება თქვენ და „ლელოს“ და, სხვათა შორის, ძალიან დამეგობრდნენ ბატონი გახარია და ბატონი ხაზარაძე. არ გახსოვთ, ბატონი გახარია „თაღლითს“ რომ ეძახდა ბატონ ხაზარაძეს? ფაქტის კონსტატაციაა ყველაფერი, მე რასაც მაგალითებად ვიშველიებ, ხომ? „თაღლითს“ ეძახდა და როგორ დამეგობრდა თაღლითთან? – იმიტომ, რომ დაავალეს. გარე პატრონებმა დაავალეს და მოუწიათ, ხომ? ამის შემდეგ, 4 ოქტომბერმა რომ ჩაიარა, რომ ხედავდით, რომ რევოლუცია ვერ მოხდებოდა და თქვენი პატრონები რომ აანალიზებდნენ, რომ შეუძლებელი იყო რევოლუცია, ვინაიდან სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას თავისი ინსტიტუტებით, თქვენ დაგავალეს, რომ შემობრძანებულიყავით პარლამენტში.

4 ოქტომბრის შემდეგ (ჩვენს საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რევოლუცია ჩავარდა – მორიგი მცდელობა), თქვენს გარე პატრონებს, რა თქმა უნდა, სურდათ, რომ საბოტაჟი
უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელებულიყო, ვინაიდან ქუჩაში ვერაფერი მოახერხეთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? – რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაშიფრა ეს ყველაფერი. ამისი დასტური რა არის, იცით? – 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ თბილისის საკრებულოში ერთი წევრიც ვერ შეიყვანეთ – იმიტომ, რომ საზოგადოებამ პასუხი გაგცათ. თქვენ გაგიმესამედდათ მომხრეების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით, ვინაიდან თავიდან ბოლომდე გაშიფრულები ხართ. თქვენი ამომრჩეველი – ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ძალიან მცირე ნაწილი – ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.