გიორგი ჩაკვეტაძე ალბანეთში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ: “კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას”

15

“სულ რამდენიმე საათია, რაც ალბანეთიდან დავბრუნდით, სადაც მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას უშუალოდ ალბანეთის მაგალითზე”, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას.

კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ისმოდა ძალიან ცალსახა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, უნდა გადახედოს თავის ორმაგ სტანდარტებს. მათ შორის, ალბანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა ის, რომ მიუღებელია დამოკიდებულება, რომელიც წლების მანძილზე აქვს ბრიუსელს კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც: ჩვენ, ჩვენი მხრიდან, დავაფიქსირეთ პოზიციები როგორც ორმხრივი შეხვედრების, ისე პანელური დისკუსიების ფარგლებში და ღიად განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს იმ მიღწევებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული, რომელიც აქვს, ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და მიუღებელია ის დამოკიდებულება, რომელიც ისმის სხვადასხვა ევრობიუროკრატის მხრიდან.

ჩვენ ამ ფორუმის და სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში გვეძლევა საშუალება, რომ გავაჟღეროთ ყველა პოზიცია, რომელიც აქვს საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.