საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ტორონტოს მინისტერიალში — „გზა მშვიდობისკენ“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ჰუმანიტარულ საკითხებს მიეძღვნა.
მინისტრის განცხადებით, ომი მხოლოდ სიცოცხლის დაკარგვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებით გამოწვეულ ზარალს არ ნიშნავს.
მისი თქმით, კონფლიქტისა და ოკუპაციის შედეგად მიღებულმა მძიმე გამოცდილებამ საქართველოს დაანახა ომის გრძელვადიანი ჰუმანიტარული შედეგების სიმძიმე.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ იცის, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების გახლეჩით გამოწვეული ტკივილი.
ეს გამოცდილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ერთობლივი რეაგირების საფუძველს უნდა ქმნიდეს.


