დავით ქართველიშვილი: “საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა, რომ მან წლების წინ გააკეთა რუსული საქმე, რისთვისაც „დამსახურებულმა” ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა?”

19

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა საია-ს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მამხილებელი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„რუსებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: „Награда нашла своего героя”. სწორედ ასეთი ჯილდო გადაეცა აგვისტოს ომის ანტიგმირ საია-ს, რომელსაც ზოგჯერ უფლებადამცველთა “ნობელის პრემიად” მოიხსენიებენ. ახლა კი, დავსვათ ერთი უხერხული კითხვა, რომელსაც, რატომღაც, თითქმის არავინ სვამს: კონკრეტულად რისთვის მიიღო საია-მ ეს „ნობელის ალტერნატიული პრემია“? პრემიის მიმნიჭებელი Right Livelihood-ის ფორმალური ვერსია ცნობილია: ორგანიზაცია დაჯილდოვდა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის“ და „ავტოკრატიული რეპრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ჩვენთვის გაცილებით უფრო ცნობილი ისტორია: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სწორედ საია წარმოადგენდა სტრასბურგში ოსური წარმოშობის განმცხადებლებს, რომლებიც საქართველოს „გენოციდში” ადანაშაულებდნენ; მეტიც – თავად საია ოფიციალურად ადასტურებდა, რომ ომის შემდეგ იურიდიულ დახმარებას უწევდა მათ და თანამშრომლობდა რუსეთში დაფუძნებულ Russian Justice Initiative-თან. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ვერსია:

საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა, რომ მან წლების წინ გააკეთა რუსული საქმე, რისთვისაც „დამსახურებულმა” ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა? ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, მაგრამ ისეთი ჰიპოთეზა, რომლის ხელის ერთი მოსმით გვერდზე გადადებაც არც ისე მარტივია. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ თავის ანგარიშში ცალკე დააფიქსირა: აგვისტოს ომის შემდეგ ეთნიკურად ოსმა პირებმა საქართველოს წინააღმდეგ ათასობით საჩივარი შეიტანეს, რომლებშიც საია მონაწილეობდა მათი ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით.

ორგანიზაციის მაშინდელი თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი თავად ადასტურებდა საჩივრის შეტანის ფაქტს და ამას „ადამიანის უფლებების დაცვის” უნივერსალური პრინციპით ხსნიდა.

ამავე ანგარიშში ცალკე ფიგურირებს ასევე ანა დოლიძე, რომელიც 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში რუსეთში დაფუძნებული Russian Justice Initiative-ის კონსულტანტად მუშაობდა და საქართველოს წინააღმდეგ მომზადებულ საჩივრებში მონაწილეობდა.

და აქ უკვე კიდევ ერთი სრულიად არასასიამოვნო ჰიპოთეზა ჩნდება: რა მოხდება, თუ დღევანდელი ჯილდო უბრალოდ უფლებადამცველი ორგანიზაციისთვის გადაცემული პრემია კი არ არის, არამედ ერთგვარი საერთაშორისო რეტროსპექტული ინდულგენციაა იმ საქმიანობისთვის, რომელიც 2008 წელს ეხმარებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის საერთაშორისო სასამართლოებში გადატანას – ისეთი ფორმულირებებით, რომლებიც თავად საქართველოსთვის უკიდურესად მტკივნეული, მავნებლური და უსამართლო იყო?

უკიდურესად მკაცრი პოლიტიკური ინტერპრეტაციით ამას შეიძლება ასე ვუწოდოთ: 2008 წლის ომთან დაკავშირებულმა რუსულმა სიუჟეტმა, თვრამეტი წლის შემდეგ, საბოლოოდ ჰპოვა ახალი გმირი – უკვე არა ცხინვალში და არა მოსკოვში, არამედ სტოკჰოლმში, ფაქტობრივად, ამ რუსული პრემიის გადაცემის დროს.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ პრემია საია-ს სწორედ 2008 წლის საქმიანობისთვის გაიცა. მაგრამ მაშინ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ იხსენებს საერთაშორისო აღიარების სისტემა საია-ს ბიოგრაფიის ერთ გვერდს ასეთი ენთუზიაზმით, ხოლო მეორე გვერდს სრულიად აიგნორებს?

განსაკუთრებით პიკანტურად გამოიყურება ეს ყველაფერი თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილებების ფონზე. სასამართლომ არაერთგზის დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის შემდგომ მრავალ დარღვევაზე, მათ შორის: საქართველოს სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და ქართველი მოსახლეობის დაბრუნებისთვის ხელის შეშლაზე. ამიტომ საია-ს ისტორია 2008 წლის შემდეგ ვერ იქნება დაყვანილი შავ-თეთრ ფორმულამდე: „რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა“ ან „რუსეთის წინააღმდეგ მუშაობდა“. მაგრამ სწორედ ამიტომაც მოითხოვს დღევანდელი ჯილდო არა აღტაცებულ ტაშს, არამედ კითხვებს საერთაშორისო უფლებადამცველი საზოგადოების მეხსიერების მიმართ.

თუ საერთაშორისო პრემია დღეს საია-ს ქართული დემოკრატიის დაცვის „სიმბოლოდ” აქცევს, მაშინ რატომ ქრება ამ ლამაზი ლეგენდიდან თითქმის მთლიანად ის ფაქტი, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ მომენტში ორგანიზაცია ოკუპანტი რუსეთის და სეპარატისტების მხარეზე მონაწილეობდა იმ სასამართლო პროცესებშიც, რომლებშიც საქართველოს წინააღმდეგ პრეტენზიებს ოსური მხარის წარმომადგენლები აყენებდნენ? და თუ ეს დავიწყება სისტემურია, მაშინ ჰიპოთეზა კიდევ უფრო საინტერესო ხდება: იქნებ, ჩვენ წინაშე მართლაც არა ახალი საქართველოსთვის გადაცემული ახალი ჯილდოა, არამედ ძველი ომისთვის გადადებული რუსული ჯილდო – უბრალოდ, წლების შემდეგ და სრულიად სხვა დაფასებით გადმოცემული”, – წერს დავით ქართველიშვილი.