რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: „თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეს არის მარტივი მათემატიკა, კვლევითი მეცნიერების ლოგიკა და შესაბამისად, უტყუარი ფაქტი“

12

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი მედიასთან ხსნის, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა დამუშავდეს IRI-ის ე.წ. ნედლი კვლევა და როგორ გადანაწილდება არსებული პროცენტები კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით.

იონათამიშვილი ამცხადებს, რომ IRI-ის მიერ მიღებული 36 % მრავლდება ორზე, რაც მეორე მხარეს არსებული მინიმალური შედეგების და გადაუწყვეტელი, ასევე პასუხზე უარის მთქმელი პროცენტების პროპორციული განაწილების შედეგად მიიღება.

„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევა ნამდვილად ჯოჯოხეთური მოცემულობაა აგენტურული ოპოზიციისთვის. ეს კვლევა ადასტურებს, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას აქვს ისტორიული, მისი არსებობის პერიოდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა. თუ IRI-ის მიერ მიღებულ შედეგებს გავუკეთებთ ალოკაციას, გავითვალისწინებთ მეორე მხარეს მიღებულ პროცენტებს, ასევე მეთოდოლოგიურად გავანაწილებთ უარს პასუხზე და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს – „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს. IRI-ის კვლევის შედეგების გაგრძელებაა დღეს გამოქვეყნებული ევროკომისიის კვლევაც, რომელიც უცვლელად იმეორებს შედეგებს. როდესაც ჩვენი ქვეყანა საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში მეხუთე ადგილზეა, ეს ადასტურებს მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერის უტყუარობას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.