პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადების შესახებ: “ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ NATO-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ, რაც შეეხება ნატო-ს წევრობას”

“ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ NATO-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ, რაც შეეხება NATO-ს წევრობას”, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას.

„ეს [განცხადება] კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არასდროს უნდა ვუღალატოთ ეროვნულ ინტერესებს, რაც მდგომარეობს მშვიდობიანი განვითარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში. ახლა ხომ ჩანს, რომ როგორც კი სხვა მიზნებს გავაფეტიშებდით და დავაყენებდით ეროვნულ ამოცანებზე ზემოთ, რომელიც ჩვენს ხელში არ არის – ნატო-ს, ევროკავშირის წევრობა და ა.შ., რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეატრიალონ, როგორც უნდათ ისე, მოწყვლადს ვხდით ჩვენს ქვეყანას. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვის ხელშიც არის ამ მიზნების შესრულება, გულგრილი ხდებიან ამ მიზნების მიმართ და, საბოლოო ჯამში, რჩება დანგრეული ქვეყანა, როგორც უკრაინაა.

როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვახსოვს შეძახილები, რომ უკრაინა არათუ NATO-ს წევრი, NATO-ს წამყვანი სამხედრო კონტინგენტის მქონე ქვეყანა იქნებოდა.

ომი სანამ დაიწყებოდა, ზელენსკი გამოდიოდა და ამბობდა, ბოლო-ბოლო გვითხარით, გვიღებთ თუ არა NATO-შიო.

უნდოდათ იმის მიფუჩეჩება, თითქოს NATO-ში წევრობა ომზე დამოკიდებული არ იყო, თუმცა დღეს შეთანხმებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ NATO-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით.

დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ, რაც შეეხება NATO-ს წევრობას.

ევროკავშირში წევრობაც, რომელიც დღის წესრიგში არ იდგა 2022 წლის ომამდე, უცებ წამოვიდა დღის წესრიგში. ყველას დაჰპირდნენ, რომ იქნებოდნენ ევროკავშირის წევრები. უკრაინას დაჰპირდნენ, რომ მოკლე ვადებში გახდებოდა ევროკავშირის წევრი. 2027 წლის პირველი იანვარიც კი დასახელდა ზოგიერთი პირის მხრიდან როგორც თარიღი. აგერ მოდის პირველი იანვარი და ვხედავთ, რომ არავინ აპირებს ევროკავშირში [უკრაინის] მიღებას. ვხედავთ, რომ აქვე აკეთებენ დათქმას, რომ თუ უკრაინას ევროკავშირში მიიღებენ, ექნება შეზღუდვები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს არის მთავარი, რომ სოფლის მეურნეობის ბაზრები, სუბსიდიები სჭირდება უკრაინას და ზუსტად ამაში ექნება შეზღუდვები.

ამ დღეებში გაიმართება ზუსტად დისკუსია, რომ იყოს კლასობრივი დაყოფა. ეს არის, სამწუხაროდ, ის ტენდენცია, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.

მაქსიმუმ, მონტენეგროსა და ალბანეთზე თუ შეთანხმდებიან, მაგრამ იმის იქით ლიდერები გაფართოებასთან დაკავშირებით არა მგონია, გულწრფელები იყვნენ, და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.