პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადების შესახებ: “ჯობს, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო”

“მგონია, ჯობს, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო”, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.

„რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო, ბევრი მიზეზის გამო. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისევე დაზიანებული, როგორც მოლდოვა. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო, დიდი ალბათობით, ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ომისგან ისეთივე დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი „ცოდვა“, რაც ბრიუსელის წინაშე მიგვიძღვის, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით მოგებული რჩება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.