პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „კიდევ აქეთ რომ გვამუნათებენ: „ჩვენს აკრძალვას რომ აპირებთ, რას ეუბნებით ჩვენს მხარდამჭერებსო?“ მაშინ რას ეუბნებოდა ცივილიზებული სამყარო ნაცისტური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს? ან იმ პარტიის წევრებს, რომლებიც აიკრძალნენ თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და არაერთ სხვა ქვეყანაში? ეს თუ ჩვენთან დემოკრატიული უკუსვლაა, მაშინ მოლდოვაში, არჩევნების დღემდე 2 კვირით ადრე, პარტიის აკრძალვა დემოკრატიის ზეიმი რატომ არის?“

„კიდევ აქეთ რომ გვამუნათებენ: „ჩვენს აკრძალვას რომ აპირებთ, რას ეუბნებით ჩვენს მხარდამჭერებსო?“ მაშინ რას ეუბნებოდა ცივილიზებული სამყარო ნაცისტური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს? ან იმ პარტიის წევრებს, რომლებიც აიკრძალნენ თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და არაერთ სხვა ქვეყანაში? ეს თუ ჩვენთან დემოკრატიული უკუსვლაა, მაშინ მოლდოვაში, არჩევნების დღემდე 2 კვირით ადრე, პარტიის აკრძალვა დემოკრატიის ზეიმი რატომ არის?“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში ასეულობით პარტია აკრძალულა – რა თქმა უნდა, სხვადასხვა დასაბუთებით. ამის საუკეთესო მაგალითად გამოდგება გერმანია, იტალია და პორტუგალიაც.

საინტერესო ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალური პარტიების დაცვის ხაზი იმაზეა აგებული, რომ „ჩვენ ოპოზიციური პარტია ვართ და ჩვენ მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც კი არ შეიძლება იყოს შეტანილიო“. ამას ამბობენ დასავლეთიდანაც – მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ევროპარლამენტარები. მაგრამ საქმე ისაა, რომ არავინ ამბობს იმას, რომ ის, რაც სარჩელში წერია, არ ჩაგვიდენიაო, ფაქტებს კი არ უარყოფენ.

კიდევ აქეთ გვამუნათებენ: „ჩვენს აკრძალვას რომ აპირებთ, რას ეუბნებით ჩვენს მხარდამჭერებსო?“ მაშინ რას ეუბნებოდა ცივილიზებული სამყარო ნაცისტური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს? ფაშისტებს? ან იმ პარტიის წევრებს, რომლებიც აიკრძალნენ თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და არაერთ სხვა ქვეყანაში? ეს თუ ჩვენთან დემოკრატიული უკუსვლაა, მაშინ მოლდოვაში, არჩევნების დღემდე 2 კვირით ადრე, პარტიის აკრძალვა დემოკრატიის ზეიმი რატომ არის? ან რატომ არის, მაგალითად, რამდენიმე ათეული პარტია უბრალოდ გაუქმებული – ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე, ორ ეტაპად – უკრაინაში? იქ ხმას რატომ არავინ იღებს? ან გერმანიაში რომ „აფდ“-ს გაუქმებაზე საუბრობენ, იქ ეს ყველაფერი თავიანთი კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამისია, მაგრამ ჩვენ როდესაც ჩვენს კონსტიტუციურ უფლებასა და, ისევ და ისევ, კონვენციით გათვალისწინებულ უფლებას – სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას – ვიყენებთ, თურმე ეს არის დემოკრატიაზე თავდასხმა.

აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ სხვა ქვეყანაში ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული პარტია შეიძლება აიკრძალოს, ჩვენს ქვეყანაში კი, თურმე, უნდა იყვნენ წარმოდგენილები და ოკუპირებული და უზურპირებული ჰქონდეთ მთელი ოპოზიციური ველი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.