პოლიტიკა

ვახტანგ ქიზიყურაშვილი ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის შესახებ: „ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი ღონისძიება – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ფორუმმა ახალი ფურცელი უნდა გადაშალოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“

„ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი ღონისძიება – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ფორუმმა ახალი ფურცელი უნდა გადაშალოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის, „საქართველო – მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

„გეოგრაფიული დაფარვის არეალი ამ ფორუმს საკმაოდ დიდი აქვს. ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი ღონისძიება – ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია, რომ ამან ახალი ფურცელი უნდა გადაშალოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამ ფორუმის მიზანია, რომ მრავალი მკვლევარი, ყოფილი პოლიტიკოსი, მოქმედი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პირი ჩამოვიდეს საქართველოში, გაგვიზიაროს საკუთარი ხედვა ამ საკითხზე და შედგეს საგნობრივი დისკუსია.

ხშირად ნეიტრალიტეტი აღიქმება როგორც გარკვეული იზოლაციონისტური პოლიტიკა, რეალურად კი ეს არის პირიქით — მეტი გახსნილობა.

როდესაც ვსაუბრობთ ნეიტრალიტეტზე, პირველი გვახსენდება შვეიცარია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ავსტრიის მაგალითიც, როდესაც მათ 1955 წელს გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი და სწორედ ამის მეშვეობით შეძლეს საკუთარი ქვეყნის დეოკუპაცია.

სამხედრო ნეიტრალიტეტი ზოგადად ნეიტრალიტეტის შემადგენელი კომპონენტია, თუმცა სამხედრო ნეიტრალიტეტთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნებისმიერი ეკონომიკური თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამომდინარეობდეს ეროვნული ინტერესებიდან და არა გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგიდან. სწორედ ნეიტრალიტეტი გვაძლევს ამის მანევრირების საშუალებას.

თუმცა ეს არ არის მარტივი საკითხი: ერთია, რომ ჩვენ ვაღიაროთ ეროვნულ დონეზე ნეიტრალური სტატუსი, მაგრამ ამას სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, განმტკიცება საერთაშორისო ორგანიზაციებში და გაეროს ფორუმების აქტიურად ათვისება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობით მივაღწევთ ამას“, – განაცხადა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.