პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირმა რუსეთისგან ასეულობით მილიარდის გაზი და ნავთობი იყიდა მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია იყო ზღაპარი, რომლის მიყიდვასაც პატარა ქვეყნებისთვის ცდილობდნენ”

„რამდენიმე კომპანიის მიმართ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენთვის საფუძველი გაურკვეველია. ხელისუფლება გაერკვევა ამ საკითხში და იმედია, გადაწყვეტილება შეიცვლება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოდან რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტის დაბლოკვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხა: „საშიშია, როცა ჩვენი ეკონომიკა ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზეა დამოკიდებული და ამ საფრთხეებს ახლა მაინც თუ ხედავთ?“

„ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორც საქართველოა, ბევრი რამე არის რისკის წარმომშობი, არა მხოლოდ რუსეთში ვაჭრობა. ხედავთ, რომ ევროკავშირში ვაჭრობაც თავის რისკებს შეიცავს, სანქციებს ითხოვენ. ვხედავდით მუქარას, მათ შორის, ყულევის პორტთან დაკავშირებით და ა.შ. ასე რომ, რისკები ყველა ბაზარზეა.

მსოფლიო პოლიტიკა არ არის ისე მოწყობილი, რომ ქვეყნები ერთმანეთთან მეგობრულ ყიჟინაში არიან. ვხედავთ, რომ ხან ერთგან ტარიფები იზრდება, მეორეგან სანქციები წესდება, მესამეგან საზღვრების ჩაკეტვა უნდათ ა.შ. ასე რომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ჩვენი ხალხისა და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე. სადაც ქართულ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, რომ ყველაზე სარფიანი იყოს, იქ უნდა იმოქმედოს და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი გვეთქვა რუსულ ბაზარზე.

ეკონომიკური ბერკეტები ბევრ ქვეყანას აქვს და ეს არის პოლიტიკის მთელი მიზანი, – რომ გვქონდეს ისეთი დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც არავის მისცემს საბაბს, ბერკეტები გამოიყენოს და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად სარგებლიანად იმოქმედოს ბიზნესმა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს.

რაც შეეხება რუსეთთან ვაჭრობას, ნახეთ ბოლო სტატისტიკა: ევროკავშირმა რუსეთისგან ასეულობით მილიარდის გაზი და ნავთობი იყიდა, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ხედავთ აშშ-ის გადაწყვეტილებას სანქციების მოხსნის შესახებ, რომ რუსული ნავთობი იყიდოს. რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია – ეს იყო ზღაპარი, რომელსაც ცდილობდნენ, პატარა ქვეყნებისთვის მიეყიდათ და საქართველო, თავის დროზე, კარგად მიხვდა, რომ ზღაპარი იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.