პრემიერი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე”
“საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„პარალელურად, წარმატებით ხორციელდება სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
თუმცა, ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას, დამატებით, სულ მცირე, 10 წელიწადი დასჭირდება.
აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება.
თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.
კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.
კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.
აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს.
დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას.
მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხების მომზადებისთვის. მადლობას ვუხდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.


