პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს”

“ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ინდექსაციის წესი, მათ შორის, 70 წლის ასაკს მიუღწეველ პენსიონერებზეც. ამ ინდექსაციის წესის მიხედვით, გათვალისწინებული იყო 20 ლარით პენსიის ზრდა, რაც ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. ნომინალური ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზრდება წლის ბოლომდე და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას.

სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ვნახეთ იმის რესურსი, რომ დამატებით პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით გაგვეზარდა პენსია 70 წელს მიუღწეველი პენსიონერებისათვის და ეს აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში. დამატებით, პროექტში გათვალისწინებული იქნება 128 მილიონი ლარი. საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, პენსიის ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ დასაშვებ ზღვარს. რაღაც ზღვრის შემდეგ სოციალური ხარჯები უკვე პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის შენელებასა და ინფლაციური პროცესების დაჩქარებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ოქროს შუალედი გვიკავია ახლა იმ მოცემულობით, რომელიც ბიუჯეტშია ასახული. 45-ლარიანი მატებითაც ვრჩებით იმ არსებულ ზღვარში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ვზრუნავთ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდაზე და, მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ეს ოქროს შუალედი მომავალშიც უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.