ლიზა გეგეჭკორი: “პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდისა და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე. ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი”
ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ პირველი იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერებს, 20 ლარის ნაცვლად, პენსია 45 ლარით მოემატებათ.
“ჩვენთან პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდისა და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე. უკრაინაში ზელენსკი ატარებს ბრიფინგებს იმაზე, თუ რა მსხვერპლი მოჰყვა დღეს რუსეთის დარტყმას უკრაინაზე, ან რამდენად არაფრად აგდებენ, რომ ტრამპი მისი გაფრთხილების გარეშე უთანხმდება მისი ქვეყნის თემაზე პუტინს.
მით უმეტეს ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი.
დღევანდელი ევროჩინოვნიკები საბოლოოდ იმას “გაიჩალიჩებენ”, რომ თითოეული ქართველის აღქმაში „ევროპული გზა“ ომთან და ნგრევასთან იქნება დაკავშირებული, რაც იქნება ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ რეალურად, ასე არ არის, მაგრამ დღეს, იქ არსებული ბიუროკრატია გულმოდგინედ გვიმტკიცებს საპირისპიროს”, – წერს ლიზა გეგეჭკორი.


