მაკა ბოჭორიშვილი: “ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის”
„ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის ისტორიული იმ თვალსაზრისით, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები არასდროს განხორციელებულა და გაცვლილა. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ქვეყანა არის მზარდი ეკონომიკის, აზიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი პროგრესით და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
ასევე, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ამ შემთხვევაში, ორმხრივი ინტერესის და ურთიერთობების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, სწორედ ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე განვიხილოთ პერსპექტივები და შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიზიტის ფარგლებში, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
შეხვედრებზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტს თან ახლავს ვიეტნამიდან ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რაც საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართ ვიეტნამის ინტერესს ადასტურებს.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


