პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამაზე: „ახალი ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას, რომ მოლოდინის რეჟიმში მყოფმა დევნილმა ოჯახმა უარი თქვას რიგში დგომაზე და კომპენსაციის სახით თანხა მოითხოვოს“

„ეს დამატებითი შესაძლებლობაა დევნილი ოჯახებისთვის, რომ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი პროგრამა შეარჩიონ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემას უკავშირდება.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ დევნილების საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების ვალდებულება წლების წინ აიღო. ამ მიზნით ორი პროგრამა მოქმედებს, ეს არის „სოფლად სახლი“ და ახალი კორპუსების აშენება და დევნილებისთვის ბინების გადაცემა, თუმცა ახალი ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას, რომ მოლოდინის რეჟიმში მყოფმა დევნილმა ოჯახმა უარი თქვას რიგში დგომაზე და კომპენსაციის სახით თანხა მოითხოვოს.

„შესაძლოა ხანგრძლივი მოლოდინის პირობების გამო, სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად ცალკეულ ოჯახებს ჰქონდეთ ისეთი ფინანსური შესაძლებლობა, რომ მათთვის მხოლოდ მხარდაჭერის საჭიროება შეიძლება არსებობდეს. მათ შეიძლება აქვთ თავიანთი რესურსიც და შეიძლება დამოუკიდებლადაც შეუძლიათ მასზე ზრუნვა. ასეთ დროს ასეთი ოჯახების მხარდაჭერა და ფინანსური მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება მათთვის უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით რიგის ლოდინი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მთავარი კრიტერიუმი, რაც დევნილმა ოჯახმა თანხის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს არის ის, რომ მას არ უნდა ჰქონდეს უკვე მიღებული ფართი ან კომპენსაცია სახელმწიფოსგან.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კომპენსაციის მოთხოვნა ნებაყოფლობითია და დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომ კვლავ გააგრძელონ ლოდინი ბინით დაკმაყოფილებისთვის.

„ერთადერთი პირობა, რაც არის პროგრამაში მონაწილეობისთვის, რომ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებით სახელმწიფოს უკვე არ ჰქონდეს შესრულებული ის მოვალეობა, რომელიც უკავშირდება განსახლების ვალდებულებას. იმავდროულად, რიგითობით იქნება დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 59 მილიონიო დაიხარჯება ამ პროგრამისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, 2012 წლამდე ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა 25 მილიონი წლიური ბიუჯეტი, ახლა კი მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის გათვალისწინებულია 240 მილიონი.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა სახლებით და ბინებით დაკმაყოფილებისა, ხელისუფლება დევნილ ოჯახებს ფულად კომპენსაციებს სთავაზობს.