ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა
“უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შევხვდი, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში იმყოფება”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
“განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღვნიშნეთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რაც კონკრეტულ მაჩვენებლებში აისახა.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ბიზნესკავშირების განვითარების პერსპექტივებს, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას.
ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის როლს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე მსხვილ პროექტებს, რომლებიც რეგიონული კავშირების გაძლიერებას ემსახურება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ”, – წერს ირაკლი კობახიძე.


