სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის – „მამისონი“ ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის – „მამისონი“ ახალი შენობა გახსნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი.
სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (EUCOM), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის (RSO) მხარდაჭერით განხორციელდა.
სასაზღვრო სექტორი, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. შენობის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით არის მოწყობილი, რაც მესაზღვრეებს სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტიანად შესრულებისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის სათანადო პირობებს უქმნის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სულხან თამაზაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.

