დავით ქართველიშვილი: “პოპულისტების მთავარი კოზირი ის ზღაპარია, თითქოს საკმარისია პარლამენტის დათხოვნა და მინისტრებისთვის ხელფასების ჩამორთმევა, რომ ქართველი პენსიონერის პენსია ევროპელისას გაუთანაბრდეს”
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პენსიების ზრდასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, რადიკალი პოპულისტი ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ჩამოჭრით ქართველი პენსიონერის პენსია ევროპელი პენსიონერისას გაუტოლდება.
„ალბათ უნდა შეემცირებინათ პენსიები ახალი წლიდან. ვიცოდი კიდეც, რომ ამ მგრძნობიარე თემაზე ნებისმიერი ინფორმაცია წააწყდებოდა საზოგადოების ორი სეგმენტის აღშფოთებულ შეშფოთებას: 1) განსწავლული ნაცარამზადების, რომლებმაც მშვენივრად იციან ფისკალური გათვლების „არითმეტიკა“ და 2) მათ გამიზნულ პოპულიზმს აყოლილი მოსახლეობის, რომელმაც ასეთი არითმეტიკის გარეშე მიაღწია საკუთარ წლოვანებას. ვიცოდი ისიც, როგორ რისხვას გამოვიწვევდი ამ უკანასკნელი სეგმენტის მხრიდან, რომელმაც მე ამკიდა მაღალი სასურსათო, ფარმაცევტული და კომუნალური ფასები. ვიცოდი, როგორი საღლიცინო გავხდებოდი განსწავლული ნაცნაძირლების მიერ. მაღალი, „არასაპენსიო“ ოდენობის ჯარიმებმა შეაჩერეს პენსიონერი დედაჩემის ხსენება, თორემ ამ 45-ლარიანი დანამატის გამო გინებით რისხვა ნამდვილად არ ამცდებოდა. ვასწრებ იმ უამრავ შეკითხვაზე პასუხს: „მე რომ ვიყო პენსიონერი, გავიხარებდი თუ არა მსგავსი დანამატით?“ აღარ მხიბლავს ასეთი საზოგადოების გარემოცვაში საპენსიო ასაკის მიღწევა, მაგრამ თუ მაინც მეღირსა, უფალს შევწირავ მადლობას და მის უზენაეს ნებას დავემორჩილები.
მანამდე კი შევეხოთ ქართული პოლიტიკის პარადოქსებს: მოუმატეს – ცუდია, დააკლეს – მაინც ცუდია.
წარმოიდგინეთ სურათი: რადიკალები პირზე დუჟმომდგარი აკრიტიკებენ მთავრობას 45-ლარიანი „დამამცირებელი დანამატის“ გამო. ახლა კი მაინც ვცადოთ და ჩავატაროთ გონებრივი ექსპერიმენტი. მთავრობას საერთოდ რომ გაეყინა პენსიები ან – ღმერთმა ნუ ქნას – ბიუჯეტის მწვავე დეფიციტის გამო მათ შემცირებაზე გამოეცხადებინა, რა მოხდებოდა? კრიტიკა და ხალხის რისხვის ტემპერატურა აბსოლუტურად იგივე იქნებოდა! სწორედ ამაში მდგომარეობს თანამედროვე პოლიტიკის მთელი ირონია: როდესაც „ხელისუფლება აპრიორი ცუდია“, მისი ნებისმიერი ნაბიჯი ერთი და იმავე სკალით ფასდება. მოუმატეს 45 ლარი – „მოწყალების გადმოგდებაა“, დატოვეს, როგორც არის – „მოხუცებს პარავენ“, შეამცირეს – „ერის გენოციდია“.
მაგრამ თუ ლოზუნგებს გვერდზე გადავდებთ და ციფრების მშრალ ენას შევხედავთ, ნათელი გახდება: არსებულ რეალიებში ეს დანამატი უბრალოდ სიუხვე კი არა, ქვეყნის ამჟამინდელი ფისკალური შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარია.
რატომ არის 45 ლარი ხაზინის შესაძლებლობების ზღვარი?
საქართველოში 850–880 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობს. იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს თვეში თუნდაც 45 ლარი დაემატოს, ბიუჯეტიდან წელიწადში დამატებით დაახლოებით 400–450 მილიონი ლარის ამოღებაა საჭირო! და ეს მხოლოდ დანამატია, საბაზისო პენსიის გარეშე, რომელსაც ისედაც მიაქვს სახელმწიფო ხაზინის გიგანტური ლუკმა (თითქმის 5,5 მილიარდ ლარამდე). საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი მთლიანად დასაქმებული მოსახლეობისა და მცირე ბიზნესის გადასახადებზე დგას. პენსიონერებისთვის 45-ის ნაცვლად, ვთქვათ, 200-ლარიანი დანამატი რომ მიეცათ, სახელმწიფოს ან ყველა მაღაზიისთვის, ფერმერისა და მუშისთვის გადასახადები რამდენიმეჯერ უნდა გაეზარდა, ან „ახალი ტკიცინა“ ფული დაებეჭდა, რაც მომენტალურად გამოიწვევდა სასწაულ ინფლაციას და ხვალ ერთი პური იმდენივე ეღირებოდა, რამდენიც ერთი კილოგრამი ხორცი.
მორიგი გავრცელებული დიდი მითი: „ჩამოაჭერით ხელფასები ჩინოვნიკებს – და მიეცით პენსიონერებს!“
აქ პოპულისტების მთავარი კოზირი ის ზღაპარია, თითქოს საკმარისია პარლამენტის დათხოვნა და მინისტრებისთვის ხელფასების ჩამორთმევა, რომ ყველა პენსიონერი იმწამსვე „ევროპულად“ იცხოვრებს. აიღეთ კალკულატორი: საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, პლუს ათობით მინისტრი და მათი მოადგილეები. მაღალი ეშელონის ყველა ჩინოვნიკს სრულად რომ ჩამოვართვათ თავისი ჯამაგირი (რომელიც თვეში საშუალოდ 10 ათასამდე ლარს შეადგენს) და ბოლო კაცამდე დავითხოვოთ, ჯამური „ეკონომია“ წელიწადში საუკეთესო შემთხვევაში 20–25 მილიონ ლარს შეადგენს. გაყავით ეს 25 მილიონი 860 ათას ქართველ პენსიონერზე და მიიღებთ პენსიის დანამატს თვეში ზუსტად 2,4 ლარს (ანუ დღეში 8 თეთრს)!
ეს თანხა პენსიონერ ბებიას ერთი ქილა მაწვნისთვისაც კი არ ეყოფა.
მკაცრი რეალობა პოპულიზმისგან შორსაა: არანაირ „ბიუროკრატების შემცირებას“ არ ძალუძს მილიონიანი მოხუცების არმიის საფულის საგრძნობლად გაზრდა. პენსიის რეალურად შესაძლებელ სიმაღლეებამდე აწევის ერთადერთი რეალური გზა – წლების განმავლობაში წარმოების განვითარება, მილიარდიანი ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის მშპ-ის ზრდაა. ანუ ყველაფერი ის, რასაც ნაცსაბოტაჟის კოლექტიური მავნებლობა წლებია გაშმაგებული ებრძვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პოპულისტური დაპირება „ხვალიდან 1000-ლარიან პენსიებზე“ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – სახელმწიფოს გაკოტრებას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, რომლის დროსაც ამ ათას ლარად ერთი კოლოფი წამლის ყიდვაც კი შეუძლებელი იქნება. ხელისუფლება იძლევა ზუსტად იმას, რაც საშუალებას იძლევა, შეინარჩუნოს ბალანსი და არ ჩამოაქციოს ქვეყნის ეკონომიკა. ახლა კი, თუ მაგის საჯარიმოდ გადანახული დანაზოგი გაქვთ, გამოუშვით გინება ჩემი მისამართით. ოღონდ – ბუმერანგის პრინციპის გათვალისწინებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.


