პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი მარტა კოსის განცხადებაზე: „არასერიოზულია საქართველოს შედარება მოლდოვასთან: ჩვენს უკან ათეული საუკუნე დგას და უწყვეტ სახელმწიფოებრიობას ვაგრძელებთ, მოლდოვა კი გასული საუკუნის 30-იან წლებში შექმნილი ტერიტორიული ერთეულია, რომელიც რუმინეთიდან საბჭოთა კავშირის მიერ იქნა ჩამოცილებული და დღეს ცდილობს, კვლავ დაუბრუნდეს იმ პირველად წიაღს, საიდანაც იძულებით გამოიყვანეს“

„არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია საქართველოს შედარება მოლდოვასთან: ჩვენს უკან ათეული საუკუნე დგას და უწყვეტ სახელმწიფოებრიობას ვაგრძელებთ, მოლდოვა კი გასული საუკუნის 30-იან წლებში შექმნილი ტერიტორიული ერთეულია, რომელიც რუმინეთიდან საბჭოთა კავშირის მიერ იქნა ჩამოცილებული და დღეს ცდილობს, კვლავ დაუბრუნდეს იმ პირველად წიაღს, საიდანაც იძულებით გამოიყვანეს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ, სტატისტიკური მონაცემებით, ეკონომიკური ზრდით იქნება ეს თუ პოლიტიკური სისტემების სიძლიერით, რა თქმა უნდა, წინ ვართ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს იმ ორპირობასა და ორმაგ სტანდარტებს, რომელსაც მისდევს ევროკავშირის ინსტიტუციები, როდესაც ჩვენ გვადარებენ ხან მოლდოვას, ხან უკრაინას და ა.შ. მათთვის მთავარია, რომ ეს ქვეყანა იყოს მათი გავლენის ინსტრუმენტი, რომელიც იმას შეასრულებს, რასაც დაავალებენ. ეს არის ჩვეულებრივი კოლონისტების დამოკიდებულება კოლონიური სახელმწიფოს მიმართ და ასე უნდათ, ჰყავდეთ საქართველო. მაგრამ საქართველო არის სხვა წარსულის და სხვა მომავლის ქვეყანა – ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მომავალი აქვს, და არიან ქვეყნები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ და ცდილობენ, შეუერთდნენ სხვა ქვეყნებს. თუმცა ეს მათი საქმეა, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ უბრალოდ ნუ გვეჯიბრებიან და ნუ გაგვიკეთებენ იმას, რასაც უკეთებენ უკრაინას – ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.