შალვა პაპუაშვილი: “მიხარია ერთი რამ – სიტყვით მაინც, დღეს ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა საჭიროებს რეგულაციას და ამ რეგულაციებისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტი”
“რაც შეეხება თავად კონფერენციას, მთავარი თემა გახდა ჰიბრიდული საფრთხეები, რომელზეც ასევე მეც მექნება გამოსვლა, თუმცა აქამდე გამომსვლელების პათოსს თუ შევაჯამებთ, მგონი, ჩვენს სათქმელს ამბობს ყველა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას რომში, სადაც ის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
„საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ერთ-ერთი ძირითადი მოხსენება და სიტყვასიტყვით ისაუბრა იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – თუ რა არის საგარეო ინფორმაციის მანიპულაცია და ჩარევა, როგორც იცავენ თავს კანონმდებლობით.
ახსენა ის კანონმდებლობა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ და რომელიც გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში მიიღო საფრანგეთმა 2024 წელს. შესაბამისად, ამ მხრივ, სრული შესატყვისობაა ჩვენს პოზიციებთან.
მაგრამ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც საქართველოს მიმართ არის კრიტიკა, ვხვდებით იმას, რომ, როგორც ჩანს, არის განსხვავებული დამოკიდებულება სხვის მიმართ. როდესაც მათ ეხებათ ეს, ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ დაცვის ღირსია ინფორმაციული მდგრადობა და დეზინფორმაციისგან და გარე ჩარევისგან უნდა დაიცვან ქვეყანა. როდესაც საქმე ეხება სხვას, ამ შემთხვევაში საქართველოს, როგორც ჩანს, ზოგიერთს ურჩევნია, სხვანაირი სტანდარტი ჰქონდეს.
ყოველ შემთხვევაში, მიხარია ერთი რამ – სიტყვით მაინც, დღეს ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა საჭიროებს რეგულაციას და ამ რეგულაციებისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტი.
დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ საქართველოს გამოცდილება იქნება ერთ-ერთი ფუძემდებლური იმისთვის, რომ შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტი უცხოური დაფინანსებისა და ჩარევის გამჭვირვალობისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


