პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ: “საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მიდის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. დღეს მართლაც ასეა, რომ გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის”

“2024 წელს, ჩვენ შემდეგ მიღებული კანონი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ უცხოური დაფინანსების მქონე სუბიექტი არ გაასაჯაროებს საკუთარ ფინანსებს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში ინიცირებული კანონპროექტის შეფასებისას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

„იცით, რომ ჩვენთან ამისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის; გამჭვირვალობის კანონით მხოლოდ ფინანსური ჯარიმებია.

ასე რომ, საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მიდის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გასაგებია – ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ შიშებს, რომელიც აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში.

დღეს მართლაც ასეა, რომ გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაგერევა, არ არსებობს კარგი და ცუდი სახელმწიფო, ვინც ერევა შენს შიდა საქმეებში – თვითონ ჩარევაა ცუდი. აქ დიფერენციაცია, რომ რუსეთი თუ ჩაერია, ცუდია და გერმანია თუ ჩაერია, კარგია, ასეთი მიდგომის ალოგიკურობას აჩვენებს.

ასე რომ, ვთანხმდებით, რომ საჭიროა, დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან, მანიპულაციისგან, ზემოქმედებისგან და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება დეზინფორმაციისგან მიუხედავად იმისა, რომელიც წყაროსგან მომდინარეობს ეს.

წყაროს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ ნებისმიერი, ვინც ერევა, თავისი არსით უკვე არასწორად იქცევა, ამიტომ ამისგან დაცვა არის საჭირო”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, ფრანგმა სენატორებმა აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის, საარჩევნო კონტექსტში დეზინფორმაციის გავრცელებაზე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას.